ჩვენ ხშირად გვესმის ტოქსიკური ურთიერთობების პრობლემის შესახებ და ზოგჯერ ეს პარტნიორთან ან მშობლებთან ურთიერთობას არ გულისხმობს. სამსახურთან დაკავშირებული სირთულეები ფსიქოლოგთან განხილულ თემებს შორის საპატიო მეორე ადგილს იკავებს. მაშინ როცა ყველაფერი იმდენად აუტანელია, რომ თავს საწოლიდან ადგომას ვერ აიძულებთ, სამუშაო დღის დასრულებამდე საათებს ითვლით და ყოველ შეტყობინებაზე ცუდად ხდებით – ე.ი. რაღაც უნდა შეცვალოთ. მოდი გავერკვეთ თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, მაშინ როცა სამსახურებრივი დეტოქსი გვჭირდება.
ამისათვის, როგორც მინიმუმ ორი გზა არსებობს:
1. შეიცვალეთ სამსახური
ყველაზე მარტივი ნაბიჯი, რომელსაც მეტი გამბედაობა სჭირდება. თუკი საუბარი ადამიანებზე იქნებოდა, მაშინ ყველაფერი ურთიერთობის გაწყვეტით დასრულდებოდა.
ჩვენი რეალობა ასეთია, რომ ერთ ადგილზე მთელი ცხოვრება ძალიან ცოტა ადამიანი თუ მუშაობს. ტენდენცია აჩვენებს, რომ სამსახურის ყოველ 5 წელიწადში შეცვლა – ნორმალურია და თან ჩვენი განვითარებისთვის აუცილებელიც.
თუკი დაიღალეთ, გამოიფიტეთ და სამსახურიდან მიღებული შეტყობინების შემდეგ ტელეფონის გადაგდების სურვილი გიჩნდებათ – დასაწყისისთვის შვებულება აიღეთ. როგორც მინიმუმ 1 კვირით, წადით სადმე სადაც ტელეფონიც კი არ იჭერს. თუკი უბრალოდ დაღლილი ხართ, მაშინ დაისვენებთ და სამსახურს ახალი ძალებით გააგრძელებთ.
ხოლო თუ შვებულება არ გიშველით, მაშინ დამსაქმებელი უნდა შეიცვალოთ. სფეროს შეცვლა გსურთ თუ არა ამაზეც უნდა დაფიქრდეთ და ეს საკითხი ეტაპობრივად გადაწყვიტოთ.
2. გამორიცხეთ ტოქსიკურობა
ზოგჯერ თქვენ მოგწონთ თქვენი პროფესია და კომპანიაც – იაზრებთ თქვენს ღვაწლს საერთო საქმეში. ამ დროს ტოქსიკურობა შესაძლოა უსიამოვნო კოლეგებში ან სამუშაო პროცესის ცუდ ორგანიზებაში გამოიხატებოდეს.
ანალოგიური სიტუაცია – თქვენ შესაძლოა ძალიან გიყვარდეთ თქვენი პარტნიორი, თუმცა ურთიერთობა სწორად ვერ ვითარდებოდეს – თავს არაკომფორტულად გრძნობდეთ. ასეთ დროს უმჯობესია, თუკი ურთიერთობებზე იმუშავებთ.
უნდა გახსოვდეთ, რომ სამსახურმა თქვენი ცხოვრების 60%-ზე მეტი არ უნდა დაიკავოს. როცა ხვდებით რომ საყვარელი პასტის მოსამზადებლად ენერგია არ გაქვთ, დარბაზის აბონემენტი კი მტვრის სქელმა ფენამ დაფარა – დადგა დრო გაესაუბროთ უფროსს ან სამუშაო გრაფიკს გადახედოთ. თუკი ვერაფერს შეცვლით, შექმნილი რთული სიტუაციის მიზეზს მაინც გაიგებთ.
და ბოლოს, შეეცადეთ მოდუნდეთ. თუკი თქვენს ყურადღებას სამსახურის გარდა სხვა რამეებზეც გაამახვილებთ, მაგალითად თქვენს თავზე, დროთა განმავლობაში მღელვარებაც აუცილებლად შემცირდება.