Mercedes-Benz-ის სამსხივიან ვარსკვლავს, რომელიც ავტო სამყაროში დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ემბლემაა, 100 წელი შეუსრულდა. კომპანია daimler-Motoren-Gesellschaft-მა (DMG) თავისი ნიშანი 1921 წლის 5 ნოემბერს დააპატენტა. იმ დროისთვის სამსხივიანი ვარსკვლავი უკვე 10 წლის იყო. ხოლო რაც შეეხება ბრენდს Mercedes-Benz, ის მხოლოდ 1926 წელს გაჩნდა.
Mercedes-Benz ორი კონკურენტი კომპანიის – Benz & Cie და Daimler-Motoren-Gesellshaft-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. ორი კომპანიის გაერთიანების შემდეგ ემბლემამაც მცირე ცვლილება განიცადა, სამსხივიანი ვარსკვლავი დაფნის გვირგვინით გააფორმეს. ამის შემდეგ აღნიშნული ნიშანი Mercedes-Benz-ის ავტომობილებზე გამოჩნდა.
სამსხივიანი ვარსკვლავი ბრენდის უპირატესობის სიმბოლოა, თანაც ყველა მიმართულებით: მიწაზე, წყალში თუ ჰაერში. უნდა აღინიშნოს, რომ 1921 წელს ოთხ სხივიანი ვარსკვლავის პროტოტიპიც დაარეგისტრირეს – მას კომპანია Deutsche Aerospace Aktiengesellschaft ანუ იგივე Daimler-Benz Aerospace იყენებდა.