მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები შვიდ თვეში დასრულდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა. კახა კალაძე დღეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
თბილისის მერის თქმით, სამუშაოების შეფერხება კონტრაქტორი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ და მეტროსადგურის ბაქნის უვარგისობამ გამოიწვია.
„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც უკვე დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუმცა, აქ იყო ორი დიდი პრობლემა: კომპანიის პრობლემა, რომელმაც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, შესაბამისად, ეს კომპანია იქნა გაშვებული და შავ სიაში შეყვანილი. მეორე პრობლემა იყო ბაქნის უვარგისობა, რომელიც რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა და საჭირო გახდა ახალი პროექტის განხორციელება. უკვე დაწყებულია რეაბილიტაცია, ახალი ბაქნის პროექტის შექმნა. ეს იყო ერთადერთი სადგური გადახურვის გარეშე, დღეს უკვე მომზადებულია კონსტრუქციები, ესეც გადახურული სადგური იქნება და დაახლოებით, შვიდი თქვე დასჭირდება სამუშაოების მთლიანად დამთავრებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2021 წლის 11 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება ახალ მომწოდებელთან – შპს „მამისონთან“. რომელმაც ხელშეკრულების ფარგლებში უნდა ჩაატაროს ბაქნის დამატებითი კვლევა; კვლევის საფუძველზე შეიმუშაოს ბაქნის ახალი კონსტრუქციული გადაწყვეტა და პროექტი; განახლებული პროექტის მიხედვით განახორციელოს ბაქნის კონსტრუქციული ელემენტების დემონტაჟი და ახლის მონტაჟი; დაასრულოს მეტროსადგურზე დარჩენილი სარემონტო სამუშაოები. სახელშეკრულებო ზღვრული თანხა შეადგენს დაახლოებით 4,7 მლნ ლარს, რომელიც პროექტირების დასრულების შემდეგ შესაძლოა დაკორექტირდეს.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ გახსნამდე მგზავრების მომსახურების მიზნით მეტროსადგურ „დიდუბიდან“ მეტროსადგურ „გოცირიძემდე“ დაინიშნა ავტობუსის დროებითი მარშრუტი №169.