ესპანეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ცხოველებს ოჯახის სრულუფლებიან წევრებად და გონიერ არსებებად აღიარებს. ასე რომ, მეპატრონეების განქორწინების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტს თუ როგორ უნდა იზრუნონ მხარეებმა ცხოველზე და მკურნალობისა თუ კვების ხარჯებიც თანაბრად გაინაწილონ.
მოსამართლეს ასევე უფლება ექნება, რომ გაყრილი „მშობლების“ „შვილობილთან“ კონტაქტი შეზღუდოს, თუკი გაირკვევა, რომ ისინი მას ცუდად ექცეოდნენ. ასეთ ქცევას სასამართლო არამხოლოდ სასტიკ მოპყრობად, არამედ ოჯახზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმადაც განიხილავს.
ახალი წესების მიხედვით, ესპანელებს შეეძლებათ, რომ შინაური ცხოველი ანდერძში ჩაწერონ და მემკვიდრედაც ოფიციალურად გამოაცხადონ.
უახლოეს მომავალში ესპანეთში შეიქმნება იმ პირთა სიაც, ვისაც ცხოველის ყოლა სასტიკად აეკრძალება (თუკი ადამიანი ძალადობაში იყო შემჩნეული).
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ესპანეთში გაჩნდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ძაღლის 24 საათზე მეტი დროით მარტო დატოვება დაუშვებელი იქნება. ეს წესი ძალაში 2023 წლიდან შევა.