LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია ვეფხისტყაოსანს აკეთებს: ვარკეთილიდან დიდ დიღმამდე – გზები კეთდება და გარევაჭრობა წესრიგდება

95
4G2A2187

ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ ქუჩებზე, წლების განმავლობაში მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. გასულ წელს მოწესრიგდა ამ ქუჩების გარკვეული ნაწილი, ახლა კი მეორე ეტაპი დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში, ჯამში, 8 800 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

„დიდი დიღმის კერძო დასახლებაში ქუჩების მოწესრიგება გრძელდება. ამჯერად, ვეფხისტყაოსნისა და ასმათის ქუჩებზე ვაგრძელებთ სამუშაოებს, სადაც გასულ წელს გარკვეული მონაკვეთი უკვე მოწესრიგდა. ახლა ასმათის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, ხოლო ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგება“, – განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

 

გზის რეაბილიტაცია დაიწყო ვარკეთილის დასახლებაში, ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე. ამ დროისთვის, სამუშაოები 300 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს, სადაც ახალი სანიაღვრე სისტემა ეწყობა.

პროექტის ფარგლებში, მოწესრიგდება ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება.

გარდა ამისა, ჯავახეთის ქუჩაზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ არსებულ მოედანზე, სატრანსპორტო კუნძულები მოეწყობა, გაფართოვდება საფეხმავლო ბილიკები, ხოლო მოედნის ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტის განხორციელების შედეგად, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიასა და ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩაზე, რომელიც დასახლებაში საკმაოდ დატვირთული და მოძრავია, ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება.

გარდა ამისა, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციები გაიტანეს.
ასევე აიღეს ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩებიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები. აღნიშნული ტერიტორია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერმა კახა კალაძემ სამგორის რაიონის გამგებელს, კახა სამხარაძეს ახლომდებარე ბაზრობების დირექციასთან მოლაპარაკება დაავალა, რათა გარემოვაჭრეებმა სპეციალურად გამოყოფილ სავაჭრო სივრცეებში გადაინაცვლონ. ბაზრობის დირექცია გარემოვაჭრეებს სპეციალურ პირობებს შესთავაზებს. ისინი სამი თვის განმავლობაში, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან, ხოლო შემდგომში საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.