გერმანიაში, საქალაქო და რეგიონული მატარებლებით გადაადგილება თვეში მხოლოდ 9 ევროდ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას ndr.de ავრცელებს.
იაფფასიანი სამგზავრო აბონემენტი 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება და 2022 წლის ზაფხულის ბოლომდე იმოქმედებს. აქედან გამომდინარე მთელი ზაფხულის განმავლობაში გადაადგილების ღირებულება 27 ევრო იქნება და ეს ბილეთი მართლაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს.
მოგზაურობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბილეთი კონკრეტული თვის განმავლობაში იმოქმედებს და არა ზუსტად 30 დღე. მაგალითად, თუკი მას ივლისის შუა რიცხვებში შეიძენთ, მგზავრობას ივლისის ბოლომდე შეძლებთ.
გერმანიის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება საწვავის ღირებულების ზრდის გამო მიიღო. ეს ბილეთი კერძო ავტომობილზე უარის თქმის სტიმული უნდა გახდეს.
ბიუჯეტური ბილეთი იმოქმედებს ყველა რეგიონულ ტრანსპორტში, იქნება ეს მატარებელი, ტრამვაი, ავტობუსი თუ ბორანი, ერთადერთი გამონაკლისია ჩქაროსნული მატარებელი.
დაბოლოს, ამ ბილეთის ყიდვა შეეძლებათ როგორც გერმანელებს, ასევე ქვეყნის სტუმრებს. 6 წლამდე ბავშვებისთვის კი მგზავრობა უფასოა.