ამ დროისთვის „ტესლას“ ელექტროქარები ავტონომიურობის 2 ან 2,5 დონეს აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს რომ მძღოლს უფლება აქვს მანქანის მართვა მთლიანად ავტოპილოტს მიანდოს, თუმცა ამასთან საჭესთან უნდა იჯდეს და ხელები საჭეზე უნდა ეწყოს. თუმცა, 2023 წლის მაისისთვის კომპანია გეგმავს წარადგინოს მანქანა, რომელიც შიგნით მჯდომი მძღოლის გარეშე შეძლებს გადაადგილებას – ასეთი განცხადება ილონ მასკმა ბრაზილიელ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მასკი ბრაზილიას ესტუმრა და ყველაზე მიუდგომელ ადგილებში დასახლებული ადამიანებისთვის სატელიტური ინტერნეტის Starlink-ის მიწოდება განიხილა. ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მან ისეთი საკითხზეც ისაუბრა, როგორიცაა „ტესლას“ პროექტების მომავალი და პირობა დადო რომ სულ რაღაც ერთ წელში გამოუშვებს ელექტრომობილს, რომელიც მძღოლის ჩარევის გარეშე გადაადგილდება. სავარაუდოდ, საუბარი ავტონომიურობის მეოთხე დონეზეა, რომლის დროსაც ავტომობილი წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს დამოუკიდებლად გაივლის.