მწერალს ნენსი კრემპტონ-ბროფის, რომელიც გახმაურებული ესეს „როგორ მოვკლათ ქმარი“-ს ავტორია, მეუღლის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. შესაბამისი განაჩენი ორეგონის შტატის სასამართლომ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
71 წლის ქალს ციხეში ყოფნა სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს, თუმცა 25 წლის შემდეგ ვადამდელი გათავისუფლების მოთხოვნა შეეძლება. 2022 წლის მაისში ნაფიცმსაჯულთა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო მეუღლის, დენილ ბროფის მკვლელობაში. დენიელი ცეცხლსასროლი იარაღით გულში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. 2018 წელს ქალი მკვლელობაში ეჭვმიტანილად ცნეს და დააკავეს. ამ საქმის დეტალები ჩვენ აქამდეც გავაშუქეთ, მაშინ მოსამართლეს განაჩენი ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოტანილი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ოჯახს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მწერალს მეუღლის დაზღვევის მიღება სურდა და მისი მოკვლა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა. 2011 წელს ის აწარმოებდა ბლოგს „როგორ მოვკლათ ქმარი“. თუმცა, ბრალდებულის ადვოკატების დამსახურებით სასამართლომ ბლოგის ჩანაწერები საქმეს არ დაურთო. მიუხედავად ამისა, ქალის ბრალეულობა გამოძიებამ მაინც დაადასტურა.