ოდესმე გიფიქრიათ, რომ კოღოებს ზედმეტად იზიდავთ და თქვენ უფრო ხშირად გკბენენ ვიდრე სხვებს? შესაძლოა ეს არ გეჩვენებათ და მეცნიერული ახსნაც კი მოიძებნებოდეს.
არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელიც კოღოს თქვენდამი „სიყვარულს“ ხსნის. სპეციალისტთა დაკვირვებით, კოღო კბენს მას ვისი ინდივიდუალური სუნი, სხეულის ტემპერატურა იზიდავს. გარდა ამისა, მწერები ყურადღებას აქცევენ კანის მიკროფლორას და გამოყოფილ ნახშირორჟანგს. თუ რატომ მოსწონთ მათ ესა თუ ის „არომატი“ მეცნიერები პასუხებს, გენეტიკაში და კანზე არსებულ ამა თუ იმ ბაქტერიების სახეობებში ეძებენ.
ზოგადად გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანია და თუკი თქვენს სისხლით ნათესავს ეს მწერები ყვარობენ, მაშინ დიდი შანსია მათი გული თქვენც მოიგოთ. ამას ადასტურებს 2015 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის დროსაც დადგინდა რომ კოღოები იდენტურ ტყუპებს ერთნაირად კბენდნენ.
ერთ-ერთი კვლევით კოღოებს განსაკუთრებით მოსწონთ პირველი სისხლის ჯგუფის მქონე ადამიანები. ხოლო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მწერები კონკრეტული კანის ფერის, სქესის ან რასის ადამიანებს ირჩევენ – არ დასტურდება.
ზოგადად ფერებზე კი ისაა ცნობილი, რომ კოღოებს შავი ფერი იზიდავთ, ამიტომ თუკი მუქი ფერის სამოსი გეცმევათ მეტი შანსია დაიკბინოთ.
გარდა ამისა, 2022 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოღოებს ალკოჰოლიც მოსწონთ. ექსპერიმენტში ასობით ადამიანი მონაწილეობდა და ნაწილს ლუდი ჰქონდა მირთმეული ნაწილს არა. კოღოებმაც უპირატესობა ლუდის მოყვარულებს მიანიჭეს.