LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიტერატურული პრემია ”საბა”

124

 

ლიტერატურული კონკურსი ”საბას” პირველი ეტაპი დასრულდა. კონკურსის ჟიურიმ გამომცემლობებისა და ავტორების მიერ წარდგენილი 140 წიგნიდან 39 ფინალისტი შეარჩია.

ლიტერატურული პრემია ”საბა” 2003 წელს დაარსდა, მისი დამაარსებლები ”თიბისი” ბანკი, გაზეთი ”24 საათი” და ”ქართული პენ-კლუბი” არიან.

პრემია ყოველწლიურად გაიცემა და მისი მიზანია გასული წლის საუკეთესო ნაწარმოებების გამოვლენა 8 ნომინაციაში. საპრემიო ფონდი 36 ათას ლარს შეადგენს, რომელთაც გამარჯვებულებს ”თიბისი” ბანკი გადასცემს.

5 კაციანი ჟიურის მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში განიხილება საქართველოში წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები და უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი. ავტორების წარდგენა ხდება შემდეგ ნომინაციებში:

წლის საუკეთესო რომანი (წარდგენილები არიან: ზაზა ბურჭულაძე – ”ადიბას”, ლაშა ბუღაძე – ”ლიტერატურული ექსპრესი”, ნაირა გელაშვილი – ”პირველი 2 წრე” და ”ჩვენი გრძელი ამბავი”, აკა მორჩილაძე – ”მამლუქი”)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული (ნომინანტები არიან: ლია სტურუა – ”ზღვა დაკეტილია”, დიანა ანფიმიადი – ”კონსპექტური მითოლოგია”, ზაზა ბიბილაშვილი – ”ჩემი მდოგვის მარცვალი”, ზვიად რატიანი – ”ნეგატივი”, ბელა ჩაკურიშვილი – ”ღია ბარათები”)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული (წარდგენილები არიან: ბესო ხვედელიძე – ”თაგვის გემო”, ზურაბ ლეჟავა – ”ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში”, კოტე ჯანდიერი – ”კონიას ღამე”, რეზო თაბუკაშვილი – ”მზეო არ ამოხვიდე”)

წლის საუკეთესო დებიუტი (ნომინანტები: ირაკლი ქასრაშვილი – ”სოკრატე”, რატი რატიანი – ”შიშველი მეფე”, ქეთი ნინიძე – ”მილიტარისტული ნარატივის მორფოლოგია”, მაკა ლდოკონენი – ”ქიშმიშიანი ამბები”)

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა (წარდგენილები არიან: დავით ქართველიშვილი – ”პროზისა და საკუთარი თავის შესახებ”, ზურაბ ქარუმიძე – ”ჯაზის ცხოვრება”, მაკა ჯოხაძე – ”სამოთხე უსიყვარულოდ”, ეთერ თათარიძე, ამირან არაბული – ”აღათო”, ზურაბ აბაშიძე – ”ცივი ომი: წარსული თუ დღვანდელობა”, ზაზა აბზიანიძე – ”ლიტერატურული პორტრეტები”, მირიან ებანოიძე – ”კლასიკის კვლევა არაკლასიკურ ეპოქაში”, პორფირე – ”თერიონის ვარდი”)

წლის საუკეთესო თარგმანი (ნომინანტები: ნანა ჯანაშია – ”ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”, მერი ტიტვინიძე – ”ესსეები”, იზოლდა გრძელიძე – ”ღიმილი წყლის ბაგეზე”, მანან ღარიბაშვილი – ”ლექსების წიგნი”, ირმა ტაველიძე – ”პლატფორმა”, თინათინ ქიქოძე, ია ბერსენაძე, გიორგი ეკიზაშვილი – ”კავკასია”, მზია ბაქრაძე, ბელა წვერაძე – ”მითის ასპექტები”, მთარგმნელთა ჯგუფი – ”მცირე ანთოლოგია”, მზია ბურჯანაძე – ”სასუფეველი”, პაატა ჯავახიშვილი – ” გულსაგლეჯი”, ბელა შავიშვილი – ”მეფე ხოსროვ ფარვიზი”)

წლის საუკეთესო პიესა (ნომინანტები: ირაკლი სამსონაძე – ”საღამოს ბაღში, როგორც ფერადი სიზმარში”, თამარ ბართაია – ”მთავარი როლი”)

იმ ავტორს კი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ქართული ლიტერატურის წინაშე, გადაეცემა  ”პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის”.

5 კაციანი ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და წლევანდელი ჟიურიც სრულიად განახლებული შემადგენლობით წარსდგება საზოგადოების წინაშე. მათი ვინაობაც ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიალზე გახდება ცნობილი.

”საბა 2010” – ის  დაჯილდოების ცერემონიალი 4 ივლისს, ტრადიციულად ”თიბისი” ბანკის სათავო ოფისის ეზოში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები