LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ჩემპიონატს კიდევ სამი გუნდი შეურთდა

39

გუშინ, ევროშესარჩევის კიდევ სამ ჯგუფში ჩატარდა ბოლოსწინა ტურის შეხვედრები და საფრანგეთის საგზური კიდევ სამმა გუნდმა გაინაღდა. ესენია: ბელგია, უელსი და იტალია. თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობით.

A ჯგუფში ყველაზე დიდი სენსაცია მწიფდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსს მესამეადგილოსანიც ინარჩუნებს, შესაძლოა ამ პოზიციასაც ვერ შეწვდეს ევროპული ფეხბურთის გრანდი და მშვენიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ჰოლანდიის ნაკრები. მართალია მან სტუმრად თავისი თამაში მოიგო ყაზახეთთან (2:1 – გოლები: ვაინალდუმი და სნეიდერი), მაგრამ არ წაბორძიკდა ასევე საგარეო მატჩში თურქეთი, რომელმაც ჯგუფიდან უკვე გასულ ჩეხეთს აჯობა – 2:0. თურქებმა საქმე მეორე ტაიმში გააკეთეს, როდესაც ინანმა პენალტით და მერე ჩალჰანოღლუმ გაიტანეს. მესამე მატჩში პირველადგილოსანმა ისლანდიამ შინ ქულები გაუყო ლატვიას – 2:2.
ბოლო ტურის წინ ასეთი ვითარებაა: ისლანდია (20 ქულა) და ჩეხეთი (19 ქულა) გასულები არიან, მესამეზე თურქეთია 15 ქულით და 2 ქულით უსწრებს ჰოლანდიას. ორივეს საშინაო თამაში უწევს 13 ოქტომბერს, ჰოლანდიას ჩეხეთთან, თურქეთს ისლანდიასთან. ბუნებრივია უკეთეს ვითარებაში თურქები არიან.

ამ ტურმა B ჯგუფიდან ორივე საუკეთესო გუნდი გაარკვია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთმა სულაც წააგო. ბელგიამ სტუმრად ანდორას 4:1 მოუგო და გავიდა, რაც ლოგიკურია. აი უელსმა კი გასვლაზე ბოსნიასთან წააგო – 0:2 (გოლები: ჯურიჩი და იბიშევიჩი), მაგრამ ისრაელის საშინაო მარცხის გამო მაინც მიუწვდომელი გახდა მესამეადგილოსანისთვის. აღსანიშნავია, რომ უელსი 1958 წლის შემდეგ არ მონაწილეობდა დიდ ტურნირში და ეს ამ ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული შედეგია. ისრაელმა კი მნიშვნელოვანი თამაში წააგო კვიპროსთან 1:2 და ახლა მესამე ადგილის შანსი ერთბაშად სამ გუნდს აქვს. ამ წუთისთვის ბოსნიას 14 ქულა დაუგროვდა, ისრაელს 13 დარჩა, კვიპროსს 12 გაუხდა.
13 ოქტომბრის ბოლო ტური კი ასეთია: ბელგია-ისრაელი; კვიპროსი-ბოსნია; უელსი-ანდორა.

H ჯგუფში იტალიამ თავისი თამაში მოიგო ბაქოში აზერბაიჯანთან და შეუძლია საფრანგეთში სასტუმროს ძებნას შეუდგეს. აძურამ 3:1 მოიგო (გოლები: ედერი, ელ შაარავი, დარმიანი). მეორე საგზურისთვის კი გააფრთებული ბრძოლაა. მოიგო ორივე ფავორიტმა, ნორვეგიამ მალტა დაამარცხა 2:0, ხორვატიამ კი ბულგარეთი – 3:0 (პერიშიჩი, რაკიტიჩი, კალინიჩი). ნორვეგია 2 ქულით უსწრებს ხორვატიას, ბოლო ტურის წყვილები კი შემდეგნაირია: ბულგარეთი-აზერბაიჯანი; იტალია-ნორვეგია; მალტა-ხორვატია. გამოდის, რომ ხორვატების ბედი უმოტივაციო იტალიელების ხელშია.

დღეს საღამოს უკვე ბოლო ტურის მატჩები იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები