ქართულ–ამერიკული პროექტის ”თბილისი – ჩემი ქალაქის” ფარგლებში, ოთხი რეჟისორის ფილმები – თამარ შავგულიძის ”ნელი,” ლევან თუთბერიძის ”სე ლა ვი,” ლევან ღლონტის ”ჯვრისწერა” და ირაკლი ”ჩხივაძის ”ტყვიების ბაღი” უკვე გადაღებულია. საპროდიუსერო კომპანია „იბერია ფილმმა“ 2011 წლის დეკემბერში თბილისის თემატიკასთან დაკავშირებული სცენარების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში თბილისის თემატიკაზე თექვსმეტი ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი შეიქმნება. როგორც პროექტის პროდიუსერებმა ქეთევან გალდავაძემ და დავით აგიაშვილმა განაცხადეს, კონკურსში მონაწილეობა სულ 40-მდე საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა რეჟისორმა მიიღო. 50 სცენარიდან კი კომპეტენტურმა ჟიურიმ 16 მათგანი შეარჩია. ესენი არიან – საშა რეხვიაშვილი (საქართველო), თამარ შავგულიძე (საქართველო), ლევან თუთბერიძე (საქართველო), თორნიკე ბზიავა (საქართველო), ბაკურ ბაკურაძე (მოსკოვი), დიმიტრი მამულია (მოსკოვი), ლევან ღლონტი (საქართველო); გია ბარაბაძე (საქართველო) ირაკლი ჩხიკვაძე (საქართველო); ნიკა აგიაშვილი, ალექსანდრე ქვირია (ლონდონი), შოთა გამისონია (მოსკოვი) და ლიზა აუზელოსი (საფრანგეთი) ა.შ. პროექტში მონაწილეობას მისაღებად თბილისს ცნობილი მსახიობებიც ეწვევიან. ალექსანდრე ქვირიას მეხუთე ფილმის გადაღება 10-11 მაისს იგეგმება, 20 მაისს კი ლოს ანჟელესში მოღვაწე ქართველი რეჟირორის ნიკა აგიაშვილის ფილმის გადაღებები დაიწყება, სადაც მონაწილეობას ცნობილი მსახიობი მალკოლმ მაკდოუელი მიიღებს. თექვსმეტივე ფილმის გადაღებები ივნისის თვეში დასრულდება. სექტემბრიდან კი ფილმები სხვადასხვა ფესტივალზე გაემგზავრება.