LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცხადაძე ნაკრებიდან წასვლას არ აპირებს

37

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ დღეს ოფიციალური განცხადება გააკეთა. აი რაზე გაამახვილა ყურადღება ეროვნული გუნდის თავკაცმა:
– ცუდია, რომ ნაკრებში ასეთი პრობლემა შეიქმნა, მაშინ, როცა შესარჩევი ციკლი ახლოვდება.

მინდა ქრონოლოგიურად მივყვე ყველაფერს და შევახსენო ყველას, თუ რა ხდებოდა, როდესაც თემურ ქეცბაია გადადგა. მაშინ ჩემ ყოფილ გუნდთან (ბაქოს ინტერი) მოქმედი კონტრაქტი გავაუქმე და საქართველოში წამოვედი.
ჩემი ინიციატივა იყო, რომ პირველი 6 თვე ანაზღაურების გარეშე მემუშავა. შემდეგ დაიწყო მუშაობა და მიმაჩნია, რომ ძალიან ნაყოფიერი, მიუხედვად იმისა, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო. ფეხბურთელებს ოპტიმიზმი არ ჰქონდათ, მაგრამ მოვახერხეთ და ისინი ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანეთ. იყო ბევრი კარგი და დასამახსოვრებელი წუთი და იყო ბევრი ცუდიც. სექტემბრის თვე ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა და კიდევ ერთხელ გაგვიჩნდა იმედი წარმატების.

გერმანიასთან თამაშის შემდეგ ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში მწვრთნელსა და ფეხბურთელებს მოტივაცია ექნებოდათ სამინისტროდან.
ახალ წლებზე სპორტის მინისტრს შევხვდი და მითხრა, რომ არ არის თანახმა ხელფასი გადამიხადოს. ამ არასწორი და ცუდი სიტუაციის მთავარი ინიციატორი მინისტრია, რომელმაც საკუთარი შეხედულებები გააჟღერა და აქედან გამომდინარე შეიქმნა ყველაფერი.

ამის შემდეგ, მივედი ლევანთან და ვუთხარი, მესმის, რომ სამინისტროს ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ უნდა მოვძებნოთ გამოსავალი.
მაქვს ასეთი შეთავაზება: მომაკლონ ხელფასიდან 25% და თუ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა, ეს 25% ბონუსად დამიბრუნონ.
აქ აშკარად იკვეთება მინისტრის პირადი დამოკიდებულება ჩემ მიმართ და იმის დამოკიდებულება, ვისაც სურს, რომ მე შემცვალოს. ის, რაც ახლა საქართველოს ნაკრებს აქვს, არის ერთიანობა, ოპტიმიზმი და როდესაც გუნდში ასეთი სიტუაციაა, ყოველთვის შეიძლება მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

ჩემი შესაძებლობებიდან გამომდინარე მზად ვარ გვერდში დავუდგე საქართველოს. ნაკრების დატოვებას არ ვაპირებ. ლევანთან ცუდი ურთერთობა არ მაქვს. პირველი და მთავარი პუნქტი, რაც ჩემ კონტრაქტში წერია, არის მესამე ადგილი. ეს პუნქტი მე თავად მოვიტანე და შევეცდები პირობის შესრულებას.

ამ ეტაპზე ძალიან რთული სიტუაციაა, ამიტომ ყველაფერი მალე უნდა მოგვარდეს. თუ უნდათ კონტრაქტის გაწყვეტა ახლავე გამიწყვიტონ, თუ არადა მშვიდობიანად გავაგრძელებ მუშაობას. საკმაოდ კარგი ავტორიტეტი მაქვს და აქ სამუშაოდ 6 თვით არ მოვსულვარ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები