აშშ-ში მცხოვრები მძღოლების უმრავლესობას ავტომობილის სერვისზე ფულის დაზოგვა უწევს. Financial Buzz-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტექდათვალიერება ბევრი ამერიკელისთვის ზედმეტად ძვირადღირებული სიამოვნებაა, ძვირადღირებულ რემონტზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგალითად, 58%-მა აღიარა რომ 1000 დოლარიან ჩეკს უბრალოდ ვერ გადაიხდიდა, რესპონდენტთა ნაწილი კი იმასაც ამატებს რომ სერვისში ვიზიტს ბოლო წუთამდე გაურბის.
გამოკითხვაში მონაწილეთა მესამედს გადაუდებელი რემონტის წარმოდგენაც კი არ უნდა, განსაკუთრებით მაშინ თუკი სამუშაოები 500 დოლარზე მეტი ეღირება. ამერიკელთა 69%-ისთვის კი 2 ათას დოლარზე უფრო ძვირადღირებული სერვისის ღირებულების დაფარვა თითქმის შეუძლებელია.
მძღოლთა 70% ტექდათვალიერებას გაურბის, რაც ასევე სამუშაოების მაღალ ფასს უკავშირდება. მაგალითად, ავტომფლობელები არ ცვლიან ზეთს, ყურადღებას არ აქცევენ უჩვეულო ხმებს ძრავიდან და ზოგჯერ მუხრუჭებთან დაკავშირებულ პრობლემებსაც კი უგულებელყოფენ, მიზეზი ისევ მაღალი ფასებია.