LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მონტენეგროშია: ბარში თბილისი არ იქნება (VIDEO)

47

სლოვაკეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროსაკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო მატჩის სათამაშოდ მონტენეგროში გაემგზავრა. ილიას ზუროსის გუნდმა ბალკანური ქვეყნისკენ გეზი სტამბოლის გავლით აიღო. რეისი თბილისი-სტამბოლი-პოდგორიცა მონტენეგროს დედაქალაქში 15 სექტემბრის დილის 10 საათზე ჩაფრინდა, რის შემდეგაც ზღვისპირა, საკურორტო ქალაქ ბარამდე საქართველოს ნაკრებმა ავტობუსით, 40 წუთის განმავლობაში იმგზავრა და სასტუმრო „პრინცესში“ დაბინავდა.

აღნიშნული სასტუმრო ადრიატიკის ზღვასა და სპორტულ არენა „ტოპოლიცეს“ შორის მდებარეობს. იგი ისე ახლოსაა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს საღამოს ვარჯიშზე წასასვლელად ტრანსპორტი არ დასჭირვებიათ. აღნიშნულ სასტუმროშია დაბინავებული მონტეგეგროს ნაკრებიც, რომელმაც საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე შეხვედრას მართავს ქალაქ ბარში. მონტენეგროელებმა თავდაპირველად სლოვაკეთს პოდგორიცეში უმასპინძლეს, ხოლო ალბანელებთან მატჩი „ტოპოლიცეს“ დარბაზი გამართეს.

„ტოპოლიცე“ საკმაოდ კომფორტული, მასიური და ლამაზი დარბაზია. გადმოსაშლელი პირველი იარუსის პირობებში ტრიბუნები 5000 მაყურებელზე მეტს დაიტევს, თუმცა საქართველოსთან მატჩზე 2000-2500-ზე მეტ გულშემატკივარს არ ელოდებიან. ეს ციფრი თავად ბოგდან ტანიევიჩმა, მონტენეგროელთა ლეგენდარულმა მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა, რომელსაც იუგოსლავიის ნაკრების შემადგენლობაში მიშა ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის წინააღმდეგ უთამაშია, როცა ეს უკანასკნელნი საბჭოთა კავშირის ნაკრების ღირსებას იცავდნენ.

საქართველოს ნაკრები ბარში გვარიანი დანაკლისით ჩავიდა. ექიმების გადაწყვეტილებით, თბილისში დარჩა თორნიკე შენგელია, რომელმაც სლოვაკეთთან მატჩში 31 ქულა ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ მუხლი ბოლომდე მწყობრში არ ჰქონდა, თორნიკემ ეს მატჩი ითამაშა და შესანიშნავადაც, ხოლო მონტენეგროში სერიოზული გართულების თავიდან ასაცილებლად აღარ გაემგზავრა. შენგელია მუხლის მკურნალობას ბოლომდე მიიყვანს და საკუთარ კლუბში – „ლაბორალ კუჩაში“ გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრებმა ჩასვლის დღეს, საღამომდე დაისვენა და მერე მსუბუქად ივარჯიშა. ილიას ზუროსმა კალათბურთელები ძირითადად სროლებში ავარჯიშა, მოთამაშეებმა ასევე ეგრედ წოდებული გაწელვები და მოთელვები გააკეთეს. ქართველების შემდეგ ვარჯიში ჰქონდათ მონტეგენროელებს, რომელთა მთავარი მწვრთნელი, ბოგდან ტანიევიჩი დარბაზში პირველი შემოვიდა და ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს კარგა ხანს ესაუბრა, რის შემდეგაც კომენტარი გააკეთა:

„თბილისის ატმოსფერო აქ არ გამეორდება. თქვენთან ამაზე დიდი დარბაზი სავსე იყო, აქ კი 2000, მაქსიმუმ 2500 მაყურებელი მოვიდეს. მიუხედავად იმისა, რომ მონტენეგრო ევროპის ჩემპიონატზე გასულია, ამ მატჩის მოგება ჩვენთვის პრესტიჟის საქმეა. ესაა ბოლო ოფიციალური თამაში და მომავალი წლის ევრობასკეტის წინ გვინდა ძლიერ მეტოქესთან გავიმარჯვოთ და ჩვენს გულშემატკივრებში კარგი განწყობა შევქმნათ“.

მონტენეგროსთან მატჩი 17 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 21:00, ხოლო თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები