ახალი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი მაისის თვეში მსოფლიოში 18,7%-ითაა გაზრდილი. მთლიანობაში, გაზაფხულის ბოლო თვეს პლანეტის მასშტაბით 7,371 მილიონი მსუბუქი და კომერციული მანქანა იყიდეს. ამ წლის გასული 5 თვის მანძილზე 34,762 მილიონი ახალი მანქანა გაიყიდა, რაც 10,5%-ით უფრო მეტია ვიდრე 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. ლიდერთა შორის აშშ და ჩინეთი არიან, თანაც ეს უკანასკნელი შტატებს საკმაოდ დიდი მაჩვენებლით უსწრებს.
ჩინეთში ერთი თვის განმავლობაში 2,33 მილიონი ახალი ავტომობილის რეალიზება მოასწრეს. შედარებისთვის, 2022 წლის მაისის შემდეგ გაყიდვები 25,8%-ითაა გაზრდილი, რაც ასორტიმენტის ზრდას და საკმაოდ მისაღებ ფასდაკლებებს უკავშირდება. აშშ-ში იმავე ვადაში 1,37 მილიონი მანქანა გაყიდეს. მესამე ადგილს დასავლეთ ევროპის ქვეყნები იკავებენ, მთლიანობაში 1,334 მილიონი მანქანით.
სამივე ლიდერის მაჩვენებლები 2022 წელთან შედარებით საგრძნობლადაა გაზრდილი, თუმცა კიდევ უფრო დიდი ნახტომი ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის ავტო ბაზრობას. იქ მაისის განმავლობაში 320,4 ათასი მანქანა იყიდეს, რაც წინა წლის მაისთან შედარებით 44,9%-ით უფრო მეტია.