ესპანეთში აპირებენ, რომ მოკლე მარშრუტზე შიდა ავია რეისები აკრძალონ. ინიციატივა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პროგრამაში, 2050 წლამდეა გაწერილი.
შესაძლოა სამუდამოდ გაუქმდეს ის ფრენები, რომელთა ხანგრძლივობაც 2,5 საათს არ აჭარბებს. მაგალითად, დაიხურება რეისი მადრიდი-ბარსელონა და მადრიდი – ვალენსია. მგზავრებს ალტერნატივის სახით მაღალსიჩქარიანი მატარებლით შეეძლებათ სარგებლობა.
ბოლო წელს ბარსელონასა და მადრიდს შორის თითქმის 6 ათასი რეისი შესრულდა და თითოეულს 630 კილომეტრის გადალახვა მოუწია. ასეთი მანძილის დაფარვა მატარებლით მხოლოდ 2,5 საათშია შესაძლებელი.
ევროპული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, მატარებლით გადაადგილება 5-ჯერ უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე თვითმფრინავით ფრენა.
სპეციალისტთა გამოთვლებით, თუკი მგზავრები მადრიდიდან ბარსელონაში წასასვლელად მატარებელს აირჩევენ, მავნე გამონაბოლქვის ოდენობა თითქმის ორჯერ – 54 ათასი ტონიდან 27-მდე შემცირდება.