LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესონი: მოდელები, რომლებმაც კონკურენტებიც კი აღაფრთოვანა

159
FORTUNA.GE (16)

ხანდახან ადამიანები ისეთ შედევრებს ქმნიან, რომ მათ წინაშე კონკურენტებიც კი იხრიან ქედს. არა ერთი ასეთი შემთხვევა მსოფლიო ავტოინდუსტრიასაც ახსოვს, კონკურენტის მიერ გამოთქმული ქება კი, დამარცხებად სულაც არ მიიჩნევა. მაგალითად, “ვოლვოს” დიზაინერმა პიტერ ჰორნბერმა “აუდი ტტ”-ს დანახვის შემდეგ ასეთი რამ თქვა: „დაუჯერებელია, მაგრამ როგორც იქნა ისეთი ავტომობილი შეიქმნა, რომელიც ქალებსაც და მამაკაცებსაც ერთნაირად მოსწონთ”.

„პაგანის” მეპატრონის ჰორაციო პაგანის მიერ „ლამბორგინი მურსიელაგოს” მისამართით გამოთქმული სიტყვები ნამდვილ აღიარებად ჟღერს: „ამ ავტომობილის საიდუმლო – გამომწვევი, თითქმის თავხედური არაპრაქტიკულობაა, რომელიც ჭკვიან სახლებში მცხოვრებ და იდეალურ ოფისებში მომუშავე მდიდარ ბურჟუებს მონატრებიათ”.

„ფორდის” დიზაინერმა ედ ჰოლდენმა შესაძლოა იხუმრა, მაგრამ მის სიტყვებში ჭეშმარიტების მარცვალიც არის: „ეს „მიცუბიში კოლტი” იმდენად გულის ამაჩუყებლად გამოიყურება, რომ მისი სიმახინჯის შემყურე აგეტირება. ასე ძლიერ ამიტომაც მოსწონთ ის იმ ქალებს, რომლებსაც დიდთვალებიანი გაბერილი ავტოები დიდი ხანია მობეზრდათ”.

არანაკლებ საინტერესოა ბმვ-ს თავკაცის ულრიკე ბრუნკეს აზრი „ლექსუს 250-ის” შესახებ: „ვაღიარებ, არ ველოდი, რომ „მერსედესის” დიდი სედანების მრავალწლიანი სკრუპულოზური კოპირების შემდეგ იაპონელები უცებ მესამე სერიის ბმვ-ეს ღირსეული კონკურენტის შექმნას შეძლებდნენ“.

„იაგუარის” დიზაინერი იან ქელამი კი „ალფა რომეო ბრერას” შესახებ ასეთი აზრისაა: „მისი მშვიდად დატოვება ყველაზე კრიმინალური კვარტალის ფანჯრების ქვეშაც შეიძლება – ის იმდენად მშვენიერია, რომ მისი გაფუჭება ყველაზე ბოროტ ხულიგნებსაც კი დაენანებათ”.

„ასტონ მარტინის” შეფი ულრიჰ ბეცი მსოფლიოში ერთ-ერთ იდეალურ ავტომობილად „პორშე 911”-ს მიიჩნევს. მისი აზრით, უფრო მძლავრი და უფრო სწრაფი ავტომობილის შექმნა უპრობლემოდ შეიძლება, მაგრამ ფაქტობრივად შეუძლებელია ისეთი მანქანის შექმნა, რომლის მართვა ესოდენ სასიამოვნო იქნება”.

„მიცუბიში კოლტის” შემქმნელი ოლივიე ბულე კი „მინი კუპერების” მიმართ ნამდვილ აღტაცებას გამოხატავს: „რომელია იდეალური ავტომობილი”? რა თქმა უნდა „მინი”. ის საუკეთესოა და უახლოეს მომავალში უკეთესს ვერც ვერავინ შექმნის”.

ბუნებრივია ყველა კონსტრუქტორს თუ ავტომწარმოებელს კონკურენტების მიერ შექმნილ მოდელებზე თავისი სუბიექტური აზრი აქვთ, თუმცა მთავარი ალბათ ის არის, რომ აზრის გამოთქმისას თითოეული მათგანი ნამდვილად გულწრფელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები