LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ამერიკული რბოლა: მადლიერების დღე, თოვლი, ყინვა და ცუდი გზები – როგორ დასრულდა ისტორიული ტესტი

131
Dureya-Chicago-Evanston-Auto-Race

ამერიკელების ერთ-ერთი საყვარელი გასართობი და თავშესაქცევი ავტორბოლის ყურებაა. თუ ამერიკული ავტორბოლების ისტორიას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ ყველაფერი ნულიდან დაიწყო. პირველი რბოლების მონაწილე ავტომობილების სიჩქარესაც თუ გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ ეს სიმბოლური რიცხვი სულაც არ არის.

1895 წლის ივნისში გაზეთმა “ჩიკაგო ტაიმს ჰერალდმა” მკითხველს აუწყა, რომ ჩიკაგოში პირველი ამერიკული რბოლის გამართვა იგეგმებოდა. მართალია ამ მოვლენას რბოლა ეწოდა, მაგრამ ის ერთგვარ ტესტს უფრო წააგავდა.
1895 წელს ამერიკაში საწვავზე მომუშავე ტრანსპორტი ჯერ კიდევ ახალ ხილად მიიჩნეოდა. მხოლოდ ოთხი წელი იყო გასული მას მერე, რაც ჯონ ლამბერტმა და შემდეგ ძმებმა დიურეებმა ავტომობილები ამერიკის მტვრიან გზებზე პირველად გაატარეს.

რბოლა მადლიერების დღეს – 28 ნოემბერს გაიმართა. მონაწილეები ჩიკაგოდან ევანსტონში უნდა ჩასულიყვნენ და უკან დაბრუნებულიყვნენ. ჩიკაგოს ჯეკსონის პარკს ამ ღირსშესანიშნავ დღეს უამრავი ადამიანი ეწვია, მაგრამ საქმეში ბუნება ცუდად ჩაერია. გზები თოვლის ნამქერით ხეირიანად დაიფარა. ისედაც ცუდ გზებზე მოძრაობა კიდევ უფრო გართულდა. მით უმეტეს იმ ხანად მანქანებს სახურავი მოხდილი ჰქონდათ. თუმცა მრბოლელებმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინეს, უკან არ დაიხიეს და რბოლაც დაიწყო.

სტარტზე 6 მანქანა იდგა. ორი მათგანი ელექტრო ძრავით ბატარეების მეშვეობით იმართებოდა. სამი საწვავზე მუშაობდა და გერმანელი კარლ ბენცის მიერ იყო დამზადებული. საშინელი ყინვისა და გზების მდგომარეობის წყალობით 6 მანქანიდან 4 მალევე გაფუჭდა. დიურეამ მაქსიმალური სიჩქარე – საათში 7,5 მილი განავითარა და 9 საათის შემდეგ რბოლა გამარჯვებულმა დაასრულა. მეორე და როგორც აღმოჩნდა ბოლო ადგილზე გავიდა მონაწილე, რომელიც ფინიშზე ორი საათის შემდეგ მივიდა.

მეორე ადგილზე გასული Mueller-Benz-ის მანქანა

იმ ისტორიულ დღეს კი ჩემპიონმა არა მარტო 2 ათასი დოლარი მიიღო, არამედ წარუშლელი ადგილი დაიმკვიდრა მსოფლიოს საავტომობილო ისტორიაში.

გამარჯვებულისთვის განკუთვნილი მედლის დიზაინი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები