LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგის სიმბოლურ ხუთეულშია

43

გიორგი შერმადინის მორიგი, ამჯერად ყველაზე სოლიდური წარმატება. „ანდორა მორაბანკის“ ქართველი ცენტრი ესპანეთის უმაღლესი ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. შერმადინმა წინახაზელების გამოკითხვაში ბოიან დუბლიევიჩის კვალზე მეორე ადგილი დაიკავა და ესპანური ლიგის უძლიერეს ხუთეულში მოხვდა.

გამოკითხვაში 4 ფენა მონაწილეობდა: მწვრთნელები, მოთამაშეები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები (სოციალური ქსელების მეშვეობით). გიორგი შერმადინმა წინახაზელებში უკან მოიტოვა „რეალის“ 2 უძლიერესი მეფარე – ენტონი რენდოლფი და გუსტავო აიონი, ასევე „ბარსელონელი“ ანტე ტომიჩი. ქართელ ცენტრს მხოლოდ მონტენეგროელმა ბოიან დუბლიევიჩმა გადაასწრო, თუმცა წესის თანახმად, სიმბოლურ ხუთეულში საუკეთესო 2 წინახაზელი, 2 საუკეთესო მსუბუქი ფორვარდი და ერთიც გამთამაშებელი შევიდნენ.

დუბლიევიჩთან და შერმადინთან ერთად ესპანური ლიგის საუკეთესო ხუთული შეავსეს: სერხიო ლიულმა (გამთამაშებელი, რეალი), ევდვინ ჯექსონმა (მსროლელი, ესტუდიანტესი) და ადამ ჰანგამ (მს. ფორვარდი, ბასკონია).

ესპანური ლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა, რომლის განმავლობაშიც გიორგი შერმადინი ყველაზე მეტჯერ – 3-ჯერ გახდა ტურის საუკეთესო მოთამაშე. ამას გარდა შერმადინი ტურის უმაღლესი შედეგის (მარგი ქმედების კოეფიციენტი) მფლობელი კიდევ არაერთხელ გახდა, თუმცა MVP-ის ტიტული იმის გამო არ გადაეცა, რომ მისი გუნდი დამარცხდა. შერმადინი მიმდინარე სეზონში „ანდორას“ შემადგენლობაში საშუალოდ 26 წუთს თამაშობდა, რის განმავლობაშიც 15.3 ქულას და 7,6 მოხსნას აგროვებდა. რაც მთავარია, მისი საერთო სარგებლიანობის ინდექსი მატჩში საშუალოდ 21.3 ერთეულს შეადგენდა, რაც ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი რეზულტატია.

ესპანური ლიგის საუკეთესო მოთამაშის პრიზის მფლობელი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რომელიც ასევე ზემოთ ხსენებული გამოკითხვის პრინციპით უნდა შეირჩეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები