LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი ,,ლოკარნოს ფესტივალის” საკონკურსო პროგრამაში

158

Ardaidardo.Ge,,ლოკარნოს ფესტივალის” ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკონკურსო პროგრამას ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი –  ,,ზამთრის სიმღერა” დაემატა.

 

კინოჩვენება ,,ლოკარნოს ფესტივალზე” ფილმისთვის მსოფლიო პრემიერა იქნება. მთავარ როლებს მიშელ პიკოლი და პიერ ეტიკსი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება, მაგრამ რეჟისორმა აღნიშნა, რომ კინოსურათი ნებისმიერი რევოლუციის და ქაოსის აბსურდულობას ეძღვნება.

 

,,ზამთრის სიმღერის” გადაღებები საფრანგეთსა და საქართველოში მიმდინარეობდა, მათ შორის მიტოვებულსოფელ გამარჯვებაში, სადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზაა. სამხედრო სცენების გადაღებებისთვის ოთარ იოსელიანს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაეხმარა და უზრუნველყო ჯავშანტექნიკით, ტანკებით, სამხედრო მანქანებითა და ჯარისკაცებით, მასობრივი სცენებისთვის.

 

ოთარ იოსელიანი ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორებიცაა – ,,ფოთოლცვენა”, ,,იყო შაშვი მგალობელი” და ,,პასტორალი”. 1980-იანი წლების დასაწყისში რეჟისორმა ს.ს.რ.კ დატოვა და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც გადაიღო ფილმები ,,მთვარის ფავორიტები”, ,,და იყო სინათლე”, ,,ნადირობა პეპლებზე”, ,,In Vino Veritas, ღვინოშია ჭეშმარიტება”.

 

იოსელიანის სურათებმა (,,მთვარის ფავორიტები”, ,,და იყო სინათლე”) ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური გრან-პრი აიღეს, ხოლო ფილმი ,,ორშაბათი დილა” საუკეთესო რეჟისურისთვის, ბერლინის ფესტივალის ,,ვერცხლის დათვის” მფლობელი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები