15 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ირაკლი ჩარკვიანისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც უამრავმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. ფონდ „ავტოგრაფის“ კონცერტზე პირველად საქართველოში გამოიყენეს სამი დე გამოსახულება, რითაც სცენაზე ირაკლი ჩარკვიანის „გაცოცხლება“ შეძლეს.
ღონისძიება ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, რამაც დამსწრეთა შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში თავად კონცერტიც გააკრიტიკეს.
კრიტიკას სპეციალური სტატუსით გამოეხმაურა ჟურნალისტი ლულუ კახიანი.
„ყველა პროფესორი როგორ არის ამ ქვეყანაში! მარტო მინუსებს რომ ხედავთ, ერთი დადებითი კომენტარი ვერ წავიკითხე. ეს კონცერტი ძალიან რთული გასამართი რომ იყო, ვერ ხვდებით? სცენაზე ერთდროულად ოცი ადამიანი აკეთებდა თავის საქმეს! ნახევარი მღეროდა დ ა უკრავდა, დანარჩენი ნახევარი აერთებდა აპარატურას, გაჰქონდა და შემოჰქონდა ინსტრუმენტები. შემსრულებლები ისე იცვლებოდა, პაუზა ფაქტობრივად არ იყო. ფაქტობრივად! არც ზედმეტი ხმა იპარებოდა, განსაკუთრებით როცა ძალიან „ჩუმი“ სიმღერები სრულდებოდა. ნუ გამოდიხართ ყველა ყველაფრის მცოდნეები. ხარვეზები იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამდენი ადამიანის შრომა წყალში უნდა ჩაყაროთ და ცოტათი მაინც არ დააფასოთ. შესრულება იყო სუპერ! მადლობა ყველა მუსიკოსს! ასეთი მაშტაბის კონცერტი აქამდე არც ჩატარებულა. ვგულისხმობ ადამიანებისა და ინსტრუმენტების რაოდენობასა და ცვალებადობას სცენაზე. თუ ვერ იაზრებთ ამას, სამწუხაროა! ფეხზე დგომა და ლოდინი მეც არ მეხალისება, თუმცა ყველაფერს ერთ ქვაბში არ ვხარშავ. იმავეს გირჩევთ თქვენც!“ – აღნიშნავს ლულუ კახიანი.