LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეხუთედ: ოქროს ბურთი ისევ მესისაა

28

2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია.
ციურიხში გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები დაასახელეს.

 

მთავარი პრიზი – “ოქროს ბურთი” მეხუთედ მესიმ მოიგო. ეს სარეკორდო მაჩვენებელია და ალბათ დიდხანს დარჩება არგენტინელის მიღწევა ხელუხლებელი.
ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და “ფრანს ფუტბოლთან” ასოცირებულმა ჟურნალისტებმა ყველაზე მეტი ხმა “ბარსელონას” ლიდერს მისცეს – 41,33%.
მეორე ადგილზე გავიდა ტიტულის შარშანდელი მფლობელი, “რეალის” სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც ხმების 27,76% მიიღო.
მესამეზე ნეიმარია – 7,86%-ით.

 

“ჩემთვის დიდი პატივია, დავბრუნდე აქ და კიდევ ერთხელ მივიღო ეს პრიზი. საოცარია, ვერც ვიჯერებ, რომ ეს ჩემი მეხუთე “ოქროს ბურთია”. ამაზე ვერც ვიოცნებდი. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც მე ამირჩია. განსაკუთრებული მადლობა ჩემს თანაგუნდელებს “ბარსელონაში” და არგენტინის ნაკრებში. მინდა მადლობა ვუთხრა ფეხბურთს, რომელმაც ყველაფერი მომცა ცხოვრებაში”, – განაცხადა სპორტის გენიამ.

საუკეთესო მწვრთნელი – “ბარსელონას” თავკაცი ლუის ენრიკეა, რომელიც არ დასწრებია ცერემონიას. 45 წლის სპეციალისტმა შარშან “ბარსელონას” 5 ტიტული მოაგებინა. მან აჯობა “ბაიერნის” თავკაც ხოსეპ გვარდიოლასა და ჩილეს ნაკრების დამრიგებელ ხორხე სამპაოლის.

საუკეთესო გოლი – გაიმარჯვა ბრაზილიელი ფორვარდის, უენდელ ლირას გოლმა, მან ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი მიიღო. 27 წლის ლირამ გოლი “გოიანეიზიას” შემადგენლობაში გაიტანა, ახლა ეს ფეხბურთელი “ვილა ნოვაში” ასპარეზობს.
ფინალისტები იყვნენ მესი და ალესანდრო ფლორენცი.

 

დასახელდა წლის სიმბოლური ნაკრები:
მანუელ ნოიერი (ბაიერნი) – დანი ალვეში (ბარსელონა), ტიაგო სილვა (პსჟ), სერხიო რამოსი (რეალი), მარსელო (რეალი) – ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ლუკა მოდრიჩი (რეალი), პოლ პოგბა (იუვენტუსი) – კრიშტიანო რონალდო (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა), ნეიმარი (ბარსელონა).

 

2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი “ჰიუსტონ დეშის” ნახევარმცველი კარლი ლოიდი (აშშ) გახდა. მან აჯობა იაპონელ აია მიამის და გერმანელ სელია შაშიჩს.
ქალთა ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს ჯილ ელისი, ამერიკის ნაკრების თავკაცი, რომელმაც გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახადა.

 


ხმების მიცემაში ვერ ნახავთ იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს და “სკუადრა აძურას” კაპიტნის, ჯანლუიჯი ბუფონის რჩეულებს. მათ პროტესტის ნიშნად არ მიიღეს მონაწილეობა, რადგან ჯიჯი ბუფონი წლის საუკეთესო ფეხბურთელობის პრეტენდენტადაც არ შეიყვანეს.

 


ფიფა/ფრანს ფუტბოლის ყველა გამარჯვებული

2010 ლიონელ მესი; ანდრეს ინიესტა; ჩავი;
2011 ლიონელ მესი; კრიშტიანო რონალდო ჩავი
2012 ლიონელ მესი; კრიშტიანო რონალდო; ანდრეს ინიესტა
2013 კრიშტიანო რონალდო; ლიონელ მესი; ფრანკ რიბერი
2014 კრიშტიანო რონალდო; ლიონელ მესი; მანუელ ნოიერი
2015 ლიონელ მესი; კრიშტიანო რონალდო; ნეიმარი.

ცნობილი გახდა, ვის მისცეს ხმები საქართველოს წარმომადგენლებმა: ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ და გუნდის კაპიტანმა ჯაბა კანკავამ.
კახა ცხადაძის არჩევანი: 1. მესი 2. რონალდო 3. ლევანდოვსკი;
ჯაბა კანკავას არჩევანი: 1. მესი 2. რონალდო 3. ნოიერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები