ახალი ავტობუსები თბილისში აგვისტოდან გამოჩნდება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, იგეგმება 175 ახალი ავტობუსის შემოყვანა. შეკუმშულ ბუნებრივ გაზზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსების შემოსაყვანად ტენდერი უკვე გამოაცხადა.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია მითითებული, ტენდერში მონაწილე კომპანიას კონკრეტული მოდელების ავტობუსების წარმოება-მიწოდების 15- წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. მათ მიერ შემოყვანილი ავტობუსები სრულად უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს.
ასევე გამარჯვებულმა კომპანიამ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ, ხელოსნების სახით, თბილისში საკუთარი წარმომადგენლები ეყოლება, რომლებიც გაფუჭების შემთხვევაში, ავტობუსებს სარემონტო სამუშაოებს ჩაუტარებენ.
თბილისის მერია ახალი ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 30 მილიონი ევროს ღირებულების სესხს გამოიყენებს.
იქიდან გამომდინარე, რომ ავტობუსების შეძენა EBRD-ის სესხით ხორციელდება, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაშიც მათ მიიღეს მონაწილეობა.
ტენდერი 9 მარტს დასრულდება.