LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიაცია

166
რადიაცია

ადამიანები რადიაქტიურ სამყაროში ვცხოვრობთ. რადიაცია ჩვენი ბუნებრივი გარემოს შემადგენელი ნაწილია, ამიტომ რეგულარულად ვსხივდებით. დასხივების ნახევარი მოდის  ჰაერში არსებული რადონის, კოსმოსური სხივებისა და დედამიწის გამოსხივების წილად, ნახევარი კი – ადამიანის მიერ სამედიცინო, კომერციული თუ ინდუსტრიული მიზნით შექმნილი რადიაციის წყაროების წილად, თუმცა მიჩნეულია, რომ დასხივების ეს დოზა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის. რადიაციას მცირე რაოდენობით საკვები და წყალიც შეიცავს. მწეველებზე რადიაციის უფრო დიდი დოზა მოქმედებს, ვიდრე არამწეველებზე. ყველაზე მეტ დასხივებას იღებენ ასტრონავტები. რადიაცია უჯრედებს შეუქცევადად აზიანებს და რაც უფრო ხშირად სხივდება ადამიანი, მით უფრო იმატებს ჯანმრთელობის პრობლემების რისკიც. ერთჯერადი რენტგენოგრაფიის დროს მიღებული რადიაციის დოზა, წესისისამებრ, მავნე არ არის, თუმცა დანარჩენი სხეული მაინც იფარება ტყვიის ფარით ზედმეტი დასხივების თავიდან ასაცილებლად, ხოლო რადიოლოგი გადაღების დასრულებამდე ტოვებს გამოსახულებითი კვლევის ოთახს.

რადიაციული ავადმყოფობის სიმპტომებია  გულისრევა, ღებინება, დიარეა, მადის დაქვეითება, სისუსტე, თავის ტკივილი, გახშირებული გულისცემა, ცხვირიდან, პირის ღრუდან, ღრძილებიდან, სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, კანქვეშა სისხლჩაქცევა, დამწვრობა ან ღია წყლულები კანზე, დეჰიდრატაცია, ცხელება, თმის ცვენა, დასხივებული უბნების ანთება, წყლულების გაჩენა პირის ღრუში, საყლაპავში, კუჭსა და ნაწლავებში.

პირველი დახმარების გაწევისას დამხმარე პერსონალი სათანადოდ უნდა იყოს დაცული, რათა დასხივებულმა მასაც არ შეუქმნას საფრთხე.  უპირველეს ყოვლისა, მოწმდება სუნთქვა და გულისცემა, საჭიროების შემთხვევაში ტარდება გულ-ფილტვის რეანიმაცია. შემდგომი რადიაციული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად დასხივებული ადამიანის ტანსაცმელი სპეციალურ კონტეინერში თავსდება. ამის შემდეგ რეკავენ გადაუდებელი დახმარების ცენტრში, რათა მოხდეს პაციენტის უსაფრთხო გადაყვანა. ბავშვებს დასხივებისას სიმპტომებისა და ლეიკოციტების რაოდენობის მიხედვით მკურნალობენ. მდგომარეობის სათანადოდ შესაფასებლად ხშირად ტარდება სისხლის ანალიზი. რეკომენდებულია, ადამიანი არ დარჩეს იქ, სადაც დასხივება მიიღო, სხეულის დამწვარ უბნებზე არ წაისვას (ან არ წაუსვან) მალამო, გამოიცვალოს დაბინძურებული ტანსაცმელი და აუცილებლად მიმართოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს. რადიაციული დაავადების თავიდან ასაცილებლად უნდა ვერიდოთ ზედმეტ და უსარგებლო დასხივებას, მაგალითად, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან რენტგენოგრაფიას, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები