აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია. მიმდინარე წლის, იანვარ-აგვისტოში რეგიონს ყველა ადმინიტრაციული საზღვრის გავლით 1 021 996 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა. აქედან, ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტორი რეგიონს მხოლოდ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ეწვია, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს.
ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია პოპულარულ ტურისტულ ადგილებშიც. ბათუმის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორების სიმრავლის მხრივ გამორჩეულია. მას მხოლოდ ივნის-აგვისტოში, გასული წლის ზაფხულთან შედარებით 30%-ით მეტი, 160 259 ტურისტი სტუმრობდა. აქედან განსაკუთრებით ბევრი 73 523 სტუმარი კი ბაღმა აგვისტოში მიიღო. ჯამში კი, 8 თვის მონაცემებით, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია 35%-ით მეტი, 198 259 ვიზიტორი იმყოფებოდა.
სტუმრების სიმრავლე შეინიშნებოდა ბათუმის დელფინარიუმშიც. რეგიონში ტურისტებისთვის საყვარელ ადგილს მხოლოდ ზაფხულში 143 885 (+14%) ვიზიტორი სტუმრობდა. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებით დატვირთული იყო აგვისტო – 71 853 ვიზიტორი. ჯამში, მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით დელფინების შოუს 15%-ით მეტი 158, 894 ვიზიტორი დაესწრო. აღსაღნიშნავია, რომ დელფინების შოუ ივლისსა და აგვისტოში დღეში სამჯერ იმართებოდა. სტატისტიკურ მონაცემებში არაა შეყვანილი ბავშვები, შშმ პირები და დელფინებთან ცურვის მსურველები.
ზაფხულში 22%-ით მეტი ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ივნის-აგვისტოში ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 49 886 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 8 თვის მონაცამებს, ის 16%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს და 59 073 ადამიანს შეადგენს.