LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადრე სპორტსმენი ვიყავი, ახლა თავი ქალად ვიგრძენი: შტეფი გრაფის ჩუმი და საქველმოქმედო ცხოვრება

276
FORTUNA.GE (72)

შტეფი გრაფი – ყველა დროის მსოფლიო ვარსკვლავი, 10 წელი პლანეტის პირველი ჩოგანი იყო. დაიპყრო „ოქროს დიდი სლემი“ 4 ტიპის საფარზე, გახდა მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი, ოლიმპიურ თამაშებზე აიღო ყველა სინჯის მედალი და საკუთარი სახელი სამუდამოდ ჩაწერა მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების სიაში.

შტეფი გრაფის სახელი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელების ჩამონათვალში აუცილებლად ფიგურირებს და როგორც წესი პირველ ადგილზე. ჩემპიონმა ”დიდი სლემის” 22 ტურნირი მოიგო, დაამყარა მრავალი რეკორდი და ჟურნალისტები აიძულა ახალი ტერმინი მოეფიქრებინათ – ”ოქროს სლემი”.

შტეფი გრაფმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში 186 კვირა დაჰყო, მთლიანობაში კი სხვადასხვა დროს მსოფლიოს რეიტინგის პირველ პოზიციაზე 377 კვირა გაატარა. გერმანელი სუპერვარსკვლავი რვაჯერ გახდა მსოფლიოში პირველი წლის შედეგებით.

შტეფი დაიბადა დასავლეთ გერმანიის ქალაქ მანჰეიმში 1969 წლის 14 ივნისს, დიასახლისა და მეორადი ავტომობილების გამყიდველის ოჯახში, ორ წელიწადში ძმაც შეეძინა. 3 წლის ასაკში ოჯახთან ერთად პატარა ქალაქ ბრიულში გადავიდა. სწორედ აქ დაიწყო გოგონამ ჩოგბურთის თამაში.

შტეფანია მარია გრაფმა ჩოგანი პირველად ხელში სამი წლის ასაკში აიღო. მისი პირველი მწვრთნელი მისივე მამა, პეტერი იყო, რომელმაც ქალიშვილისთვის ერთ-ერთი ჩოგანის ტარი დაამოკლა. სახლის სარდაფში ორი სკამი დადგა, შემდეგ ძაფი გადაჭიმა და შტეფის ბურთის სროლაში ავარჯიშებდა. სამი წლის გოგონა 25 უშეცდომო სროლისათვის ორცხობილას იღებდა, 50 სროლისთვის კი საყვარელ ტკბილეულს – მარწვიან ნაყინს.

1986 წელს შტეფიმ პირველად დაამარცხა ჩოგბურთელი, რომელსაც ტოლი არ ჰყავდა. 17 წლის გოგომ გამარჯვება თვით მარტინა ნავრალიტოვას გამოსტაცა. უკვე 1987 წელს 7 ტურნირის გამარჯვებული გახდა. 45 თამაში მოიგო და „როლან გაროსის“ ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულის ტიტულიც მოიპოვა. ამავე წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თუმცა უიმბლდონზე იღბალმა უმტყუნა.

 

ისტორიაში ერთი სახალისო ფაქტია ცნობილი, რომელიც 1970 წლით თარიღდება. საჩოგბურთო სკოლის პედაგოგი, რომელთანაც შტეფი ემზადებოდა, ერთ ჯგუფში აერთიანებდა ყველაზე ნიჭიერ გოგონებსა და ყველაზე ნაკლებად მონდომებულ ბიჭებს. გრაფი ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ის თამაშობდა… ბორის ბეკერთან.

გრაფი ყველანაირად ცდილობდა სკანდალს გაქცეოდა და ყვითელი პრესისათვის რაიმეს გამოგონების საბაბიც კი არ მიეცა. ჟურნალისტებისთვის შტეფი რთული ”კლიენტი” იყო – ის ძალიან იშვიათად წუწუნებდა ან ცუდად მოიხსენიებდა კონკურენტებს. პირად ცხოვრებაზე კი გრაფს საუბარი არ უყვარდა. ჟურნალისტებს ხელჩასაჭიდი არც მის ბიოგრაფიაში ჰქონდათ. მისმა კონკურეტმა არანჩა სანჩეს-ვიკარიომ ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად შტეფის თხოვა სწრაფად გათხოვილიყო და კარიერა დაესრულებინა.

შტეფის ბიოგრაფია სპორტთან იმდენად მჭიდრო კავშირში იყო, რომ პირად ცხოვრებას ყურადღებას არ აქცევდა.
ცნობილია, რომ სამი წლის განმავლობაში შტეფი ნაკლებად ცნობილ მოთამაშეს, ალექსანდრ მრონცს ხვდებოდა, შემდეგ კი ურთიერთობა ავტომრბოლელ მიხაილ ბარტოლსთან დაიწყო, თუმცა ჟურნალისტებმა რაიმე დეტალის მოპოვება ვერ შეძლეს.

გრაფი პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობდა. აგასსა და გრაფს შორის სიმპატია დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა. თავდაპირვველად ეს ერთმანეთის მიმართ საშობაო საჩუქრებში გამოიხატებოდა, შემდეგ აგასი ერთ ადრიან დილას შტეფის სახლიდან გამოსული შენიშნეს. ეს მაშინ იყო, როდესაც ანდრეს ჰოლივუდელ მსახიობთან, ბრუკ შილდსთან პირველი სკანდალები დაეწყო. 31 წლის აგასი და 32 წლის გრაფი მსოფლიოს წინაშე შეყვარებულ წყვილად მხოლოდ მას შემდეგ წარსდგა, რაც ყოფილ პარტიორებთან ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულეს. 2001 წლის 22 ოქტომბერს წყვილმა მოკრძალებულად იქორწინა, მათი ქორწინების ცერემონიას მხოლოდ ვარსკვლავების დედები ესწრებოდნენ.

მთავარი კი ის გახლდათ, რომ გრაფი დაორსულდა. ”წინათ მე მხოლოდ ცნობილი სპორტსმენი ვიყავი, ახლა კი თავი ქალად ვიგრძენი. ანდრე ჩემი ცხოვრების მამაკაცია, იმედი მაქვს შევძლებ ის ბედნიერად ვაქციო” – ამბობდა შტეფი. 2001 წლის 27 ოქტომბერს მან თავის საყვარელ მამაკაცს ვაჟი აჩუქა. ის 2,5 კილოგრამი და 50 სანტიმეტრი დაიბადა. ბიჭუნას უჩვეულო სახელი ჯეიდენ ჰილი დაარქვეს, ორი წლის შემდეკ კი 2003 წლის 6 ნოემბერს ანდრეს სამშობლოში, ლას ვეგასის კლინიკაში მეორე ბავშვი მოევლინა ქვეყანას – ქალიშვილი ჯაზ ელი.

ვარსკვლავური წყვილის პირველი შვილის დაბადებამდე ერთ-ერთი ამერიკული ტურნირის ორგანიზატორმა ჯონ კორფმა ანდრესა და შტეფის 10 მილიონი შესთავაზა, თუკი მათი შვილი 2017 წელს მის შეჯიბრში მიიღებდა მონაწილეობას.

 

1993 წლის 30 აპრილი ერთდროულად ორი წამყვანი ჩოგბურთელისთვის შავ დღედ იქცა. გერმანელის თაყვანისმცემელმა, რომელიც შიზოფრენიით იყო დაავადებული, ჰამბურგის ტურნირის მატჩის დროს სამზარეულოს დანა იუგოსლავიელ მონიკა სელეშს ზურგში ჩაარტყა.

კარიერის დასრულების შემდეგ, შტეფიმ გააუქმა კონტრაქტები სპორტულ მარკებთან „ადიდასთან“ და „უილსონთან“. მან უარი თქვა მწვრთნელობაზე, არ იძლეოდა ინტერვიუებს და არ მონაწილეობდა რეკლამებში. ცხოვრების ეს ფურცელი გადაშალა და ახალ საქმიანობას მიჰყო ხელი. 2004 წელს შტეფიმ დამსახურებულად მიიღო ადგილი დიდების დარბაზში.

 

თავად შტეფი გარდა ჩოგბურთისა სპორტის სხვა სახეობებითაც არის დაინტერესებული. მაგალითად მძლეოსნობითა და კალათბურთით. ნბა-ს მატჩებს კი ის მრავალი წელია თვალს ადევნებს. ვაჟის წყალობით დაინტერესდა ბეისბოლითაც. შტეფი გრაფი გახლავთ Children for Tomorrow-ის არაკომერციული ფონდის დაამარსებელი და თავმჯდომარე.

ახალგაზრდობაში გრაფი ოცნებობდა ვეტერინარი გამხდარიყო, გადაეღო დოკუმენტური ფილმები ან ფოტოები. პროფესიონალური საჩოგბურთო კარიერის დასრულების შემდეგ შტეფიმ ამ უკანასკნელი სურვილის ასრულება შეძლო. აღმოსავლეთ აფრიკაში, ერითრეაში მოგზაურობისას, სადაც თავისი საქველმოქედო პროექტის ფარგლებში საბავშვო ბაღი გახსნა, შტეფიმ ჟურნალ National Geographic-სათვის ფოტორეპორტაჟი გადაიღო. “ჩემი დიდი ოცნებაა ფოტოგრაფად ვიმუშავო National Geographic-სთვის”, – ამბობდა შტეფი.

გრაფის კიდევ ერთი გატაცება ხელოვნებაა. უყვარს მუზეუმების მონახულება. ხშირად დადის იმპრესიონისტების გამოფენებზე, უყვარს მუსიკის მოსმენა და ბევრს კითხულობს.

 

შტეფი მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლას ვეგასში ცხოვრობს. სპორტულ კარიერაზე უარის თქმის შემდეგ, ის საგამოფენო ტურნირებს ესწრება. აქტიურადაა დაკავებული ქველმოქმედებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები