ფიფა ვერანაირ არგუმენტს ვერ ასახელებს, რატომ მიიღო ორგანიზაციაში კოსოვო და ჩვენ არა, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა განაცხადა.
ოკუპირებულ აფხაზეთში სასწაულის იმედი აქვთ, რათა ისინი მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაციაში მიიღონ.
როგორც აჯინჯალი აღნიშნავს, ფიფას გადაწყვეტილებაში, არ მიიღოს აფხაზეთი ორგანიზაციის რიგებში, პოლიტიკური კონტექსტი ურევია, თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ კოსოვოს მაგალითის გამოყენებით შესაძლებელია ფიფამ გადაწყვეტილება შეცვალოს.
”ჩვენ ძალიან გვინდა ფიფაში გაწევრიანება, თუმცა სამწუხაროდ ეს პროცესი ჯერჯერობით რთული და ნელია. ჩვენ ვცდილობთ და რესპუბლიკის დონეზე ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში შევიდეთ, თუმცა ყველაფერი ჯერ ნელა მიდის. ძალიან გვინდა, რომ ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში მოხდეს, მაგრამ გვესმის ასევე, რომ პროცესი შეიძლება ძალიან გაიწელოს. ფიფა ვერანაირ არგუმენტს ვერ ასახელებს, რატომ მიიღო ორგანიზაციაში კოსოვო და ჩვენ არა. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებაში გარკვეული პოლიტიკური მომენტებია”, – განუცხადა რუსულ გამოცემა ”იზვესტიას” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის შემდეგ, ეს ქვეყანა უეფასა და ფიფას წევრი 2016 წლის მაისში გახდა. სექტემბერში კოსოვოს ნაკრებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა და ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოდის.