ვისაც გირაოთი აქვს ან აპირებს დატვირთოს ავტომანქანა, მათთვის აღსრულების ეროვნული ბიურომ საინფორმაციო ბარათი გამოაქვეყნა.
როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროში განმარტავენ, მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევისას გირავნობის მოწმობის გაცემაზე.
როგორც ”ავტორადიოს” აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, ასეთ შემთხვევაში საჭიროა, რომ გირავნობის უფლება დარეგისტრირდეს შსს-ს მომსახურების სააგენტოში.
გირავნობის მოწმობა არის დოკუმენტი, რომლის აღსასრულებლად წარდგენა შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამ დოკუმენტს გასცემს შსს-ს მომსახურების სააგენტო.
„გირავნობის მოწმობის აღსასრულებლად მხარემ უნდა წარმოადგინოს: გირავნობის მოწმობა; კომპეტენტური ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ქონების შეფასების დასკვნა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა,“- განმარტავენ აღსრულების ეროვნული ბიუროში.
გირავნობის მოწმობის აღსრულება შესაძლებელია მოითხოვოს ასევე კრედიტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.
„ასეთ შემთხვევაში, ჩამოთვლილ დოკუმენტაციას უნდა დაემატოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.“- განაცხადეს აღსრულების ეროვნული ბიუროში.
გირავნობის მოწმობის აღსრულების საფასური შეადგენს ქონების შეფასების 1%-ს, არანაკლებ 100 ლარისა, რომელსაც იხდის კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.