LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგორაფობია

157
აგორაფობია

აგორაფობია შფოთვითი დარღვევების ერთ–ერთი ტიპია, რომლის დროსაც ადამიანს ეშინია გარკვეულ ხალხმრავალ ადგილებში მოხვედრის. აქვს გაშლილი სივრცის შიში, რომელშიც პიროვნება თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ. სივრცის გარდა, აგორაფობიკებს ასევე ეშინიათ ხალხმრავალი ადგილების.

აგორაფობიას გენეტიკური საფუძვლები აქვს, თუმცა შესაძლებელია გამოწვეული იყოს გარემო ფაქტორებისგანაც. მასთან ერთად ხშირად განიხილავენ სივრცითი ორიენტაციის პრობლემებს, ასე მაგალითად, აგორაფობიის მქონე ადამიანთა უმეტესობას შესუსტებული აქვს ვესტიბულური აპარატის ფუნქციონირება, რომელიც ადამიანს ეხმარება სივრცეში შეთანხმებული მოძრაობა განახორციელოს, თავის მდებარეობა სტაბილური იყოს, ხოლო მხედველობა – ფიქსირებული.

აგორაფობიის ტიპიური სიმპტომებია: მარტო ყოფნის შიში ნებისმიერ სიტუაციაში, ხალხმრავალ ადგილებში ყოფნის შიში, შიში, რომ დაკარგავთ საკუთარ თავზე კონტროლს ასეთ ადგილებში, ჩაკეტილ სივრცეებში ყოფნის შიში, საიდანაც მარტივად ვერ გახვალთ, სახლიდან გასვლის უუნარობა, უიმედობის განცდა, სხვებზე ზედმეტი დამოკიდებულება.

დამატებით, შესაძლოა გქონდეთ პანიკური შეტევის სიმპტომებიც: სწრაფი გულისცემა, მოჭარბებული ოფლიანობა, სუნთქვის გაძნელება, დაბუჟება, უცნაური შეგრძნება სხეულში, ტკივილი გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, წამოწითლება ან შეციება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, კონტროლის დაკარგვის შეგრძნება, სიკვდილის შიში.

აგორაფობიას, თავის მხრივ, შეიძლება თან ახლდეს პანიკის შეტევა, რადგან ადამიანს უჭირს გარემოზე კონტროლის მოპოვება. იგი ხშირად გვხვდება პანიკურ აშლილობასთან ერთად. აგორაფობიის შემთხვევაში, ყველაზე ეფექტურ საშუალებას კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია წარმოადგენს, რომლის მიზანია, ადამიანი გაათავისუფლოს ირაციონალური შიშებისგან და დაეხმაროს ცხოვრების ჰარმონიულად გაგრძელებაში. მისი მკურნალობა რთულია, რადგან პაციენტი უპირისპირდება შიშს. ამის მიუხედავად, ფსიქოთერაპია და მედიკამენტები ახდენენ ზეგავლენას აგორაფობიის შემცირებაზე და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. გახსოვდეთ, რომ პანიკური დაავადება, სტრესული სიტუაციები ან სხვა ფობია ზრდის აგორაფობიის განვითარების რისკს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები