LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აირბალონიანი ავტომობილების ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა

24

საქართველოს მთავრობის N437 დადგენილებაში, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსებას, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასებას და უსაფრთხო ექსპლუატაციას ეხება, ცვლილებები შევიდა.

ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებებში დამონტაჟებული აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემის იდენტიფიკაცია და სავალდებულო ტექნიკური შემოწმება სავალდებულო გახდა. ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილებმა ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1 აპრილამდე უნდა გაიარონ .

აღნიშნული თემის ირგვლივ დაგროვილ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად bpn.ge „ეკო ტრანსპორტ ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, ვასო ურუშაძეს ესაუბრა.

ვასო ურუშაძის ინფორმაციით, ცვლილება კონკრეტულად, მე-14 მუხლს შეეხო, რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების იდენტიფიკაციას და შემოწმების პერიოდულობას გულისხმობს.

”ცვლილების თანახმად, აირბალონების და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობის სავალდებულო პერიოდული შეფასების ჩასატარებლად, ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, ინსპექტირების ორგანოს უფლებამოსილმა პირმა უნდა შეამოწმოს წარდგენილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული აირბალონ(ებ)ის ან/და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი. მისი არქონის შემთხვევაშიკი ჩაატაროს აირბალონის ან/და აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმება”, – აღნიშნავს ვასო ურუშაძე.

მისივე განცხადებით, ტექნიკური შემოწმება ნახშირბადიანი ფოლადისგან ან ლითონპლასტიკისგან დამზადებული აირბალონების შემთხვევაში, 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. ლეგირებული ფოლადისგან დამზადებული აირბალონების პერიოდული შემოწმება – 5 წელიწადში ერთხელ. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის დოკუმენტაციით არ ირკვევა აირბალონის მასალის შემადგენლობა, მისი შემოწმება სავალდებულოა 3 წელიწადში ერთხელ. ვასო ურუშაძის ინფორმაციით სიახელეა ის ფაქტიც, რომ სავალდებულო ხდება აირბალონიანი მოწყობილობის სისტემების შემოწმებაც, რაც ასევე ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს.

ავტომობილებმა, რომლებიც ალტერნატიულ საწვავზე – ბუნებრივ აირზე მუშაობენ, ტექნიკური შემოწმება 2016 წლის 1 აპრილამდე უნდა გაიარონ. ვასო ურუშაძე აღნიშნავს, რომ 2016 წლის პირველ აპრილამდე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი. ასევე დასძენს, რომ დღეს დაზუსტებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ საქართველოს ავტოპარკის რამდენი ავტოსატრანსპორტო საშუალება მოიხმარს ბუნებრივ აირს, არ არსებობს.

მისივე თქმით, ასევე არ არსებობს სპეციალური ლაბორატორიებით აღჭურვილი აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ინსპექტირების ცენტრები, სადაც უნდა მოხდეს ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკური შემოწმება.
”ჩვენთვის მიუღებელია ის ფაქტიც, რომ ამ რეგულაციას წინ არ უძღვოდა დამოუკიდებელ ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან კომუნიკაცია, საჯარო განხილვები და დისკუსია. გაუგებარია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს საქართველოს მთავრობის მიდგომა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, რატომ იმეორებს მთავრობა იმ მანკიერ პრაქტიკას, როგორც ეს ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების რეფორმის გატარების მცდელობის დროს იყო და კრახით დასრულდა. გაუგებარია, რატომ არ ხდება ამ საკითხის გასაჯაროება და მედია საშუალებების მეშვეობით საზოგადოების ინფორმირებულობა”, – დასძენს ვასო ურუშაძე.

 

წყარო bpn.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები