მილიარდერმა ბრაიან ჯონსონმა განაცხადა, რომ უახლოესი 15 წლის განმავლობაში უკვდავებას მიაღწევს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.
ჯონსონი შეპყრობილია ახალგაზრდობის შენარჩუნების იდეით და წელიწადში დაახლოებით 2 მილიონ დოლარს ხარჯავს იმისთვის, რომ დაბერება შეანელოს. მისი თქმით, ძალისხმევამ შედეგი გამოიღო – მისი ბიოლოგიური ასაკი აღარ იზრდება. თუმცა ამან მისი ამბიციები კიდევ უფრო გაზარდა: ახლა მას აღარ ჰყოფნის უბრალოდ ხანგრძლივი სიცოცხლე – მას სურს მარადიულად იცხოვროს.
მილიარდერის პროგნოზით, მალე გაჩნდება ტექნოლოგიები, რომლებიც ადამიანს უკვდავების საშუალებას მისცემს.
„ჩვენ ვიცით, რომ უკვდავება შესაძლებელია, რადგან ბუნებამ ეს ამოცანა უკვე გადაჭრა,“ – ამტკიცებს ის. – „ეს არ არის ფიზიკური პრობლემა, როგორიცაა სინათლის სიჩქარით მოგზაურობა. ეს არის ბიო ინჟინრული ამოცანა, რომელსაც ევოლუციამ მრავალჯერ გაართვა თავი.“
მისი აზრით, 2039 წელი რეალისტური მიზანია, რადგან ინოვაციების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა ხელოვნური ინტელექტის წყალობით.
„ხელოვნური ინტელექტი დამხმარედან მეცნიერად გარდაიქმნება. ის თანამედროვე მკვლევრებს აძლევს აღმოჩენებისა და განვითარების შესაძლებლობებს, რომელთა წარმოდგენაც ადრე შეუძლებელი იყო,“ – ამბობს ჯონსონი.
გაახალგაზრდავების მიზნით ჯონსონი 17 წლის შვილის სისხლს იღებდა, იცავდა უცნაურ დიეტებს და სახეში ახალგაზრდა დონორების ცხიმს იკეთებდა. ცოტა ხნის წინ მან ასევე განაცხადა, რომ ერექციული დისფუნქციის ნიშნებს დარტყმით-ტალღური თერაპიით ებრძვის.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯონსონი მკაცრ წესებს იცავს და უჩვეულო რეჟიმით ცხოვრობს. ის საღამოს 20:30-ზე იძინებს და დღეში დაახლოებით ხუთ საათს ატარებს მედიტაციის მსგავს მდგომარეობაში, რომელსაც „კონცენტრირებულ ფიქრს“ უწოდებს. ძილის დროს მას სხეულზე სენსორები აქვს მიერთებული, რომლებიც უამრავ პარამეტრს ზომავს – პულსიდან დაწყებული, ღამის ერექციების რაოდენობით დამთავრებული. როგორც თავად აღიარებს, ეს ყველაფერი მის პირად ცხოვრებაზე უარყოფითად აისახება.
