თბილისში რიგით 23-ე მეტროსადგურის ”სახელმწიფო უნივერსიტეტის” გახსნა ზაფხულში იგეგმება.
როგორც ”ფორტუნასთან” მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, მეტროსადგური სატესტო რეჟიმში იმუშავებს.
სამუშაოების დასრულების ზუსტ თარიღს, კომპანიაში ჯერჯერობით ვერ ასახელებენ.
“ძალიან დიდი ობიექტია და ბუნებრივია პერიოდულად რაღაც სამუშაოები ემატება, რაც არ იყო გათვალისწინებული. თავიდან იგეგმებოდა სადგური მაისში გახსნილიყო, თუმცა უკვე დიდი ხანია ამ თარიღმა ზაფხულამდე გადაიწია. გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში მეტროსადგური სატესტო რეჟიმში იმუშავებს”, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მეტროსადგურ უნივერსიტეტს პროექტის მიხედვით, 4 ამოსასვლელი ექნება. ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა წლების განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. დედაქალაქის მეტროს მეორე ხაზის გაგრძელება დელისის სადგურიდან უნივერსიტეტის მიმართულებით 1985 წელს დაიწყო და 1993 წელს შეჩერდა. მშენებლობა 1998 წელს განახლდა და 2000 წლისთვის ვაჟა-ფშაველას სადგური გაიხსნა. ვაჟა-ფშაველას და უნივერსიტეტის სადგურებს შორის გვირაბები გაყვანილია, მაგრამ სამუშაოები სრულად დასრულებული არ არის.
ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანურ-იტალიური ერთობლივი საწარმო “ასიგნია კობრა” ახორციელებს. მეტროსადგურის პროექტი ესპანურმა საკონსულტაციო კომპანია “ევროსტუდიამ” მოამზადა.
პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 83,000,670.45 ლარია.