”ნაწილები”-ასე ეწოდება ახალ ქართულ მისტიკურ დრამას, რომლის პრემიერაც საქართველოს კინოთეატრებში ოქტომბრის თვეში შედგება. ფილმის რეჟისორია ნიკა ჯავახიშვილი, ის ასევე ნინო კელაურიძესთან ერთად მუშაობდა ფილმის სცენარზე.
”სცენარი დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწერა, გადაღებები კი 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და ორ ნაწილად გავყავით. მეორე ნაწილის გადაღებები აგვისტოში გავაგრძელეთ და ახლახანს დასრულდა. გადაღებები ერთი თვის განმავლობაში თბილისში მიმდინარეობდა,”-განაცხადა ფილმის რეჟისორმა ნიკა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, სამეცნიერო ფატასტიკა მეცნიერთა გუნდზე მოგვითხრობს, რომლებიც ახალი ენერგიის წყაროს მოსაპოვებლად ექსპერიმენტს ადამიანის და ცხოველების გვამებზე ატარებენ. ისინი ვერ ხვდებიან თუ რა ენერგიასთან აქვთ საქმე. ექსპერიმენტის შესრულებისას მეცნიერთა გუნდი ყველა ეთიკურ და მორალურ როლს არღვევს.
”მე ვასრულებ ერთ-ერთი ახალგარდა მეცნიერ-მათემატიკოსის როლს რომელიც ამ ექსპერიმენტში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მას ჰყავს ავადმყოფი და. სწორედ ეს გახდება მიზეზი რის გამოც ამ ექსპერიმენტში იღებს მონაწილეობას. იმდენად სჭირდება მას ფული, რომ არც დაფიქრდება თუ რაზე აწერს ხელს,”-განაცხადა ერთ-ერთმა მსახიობმა, გიორგი კალანდაძემ.
ფილმში მსახიობები ნოდარ მამულაშვილი, ნიკა თავაძე, ნანკა კალატოზიშვილი, გიორგი კალანდაძე, ლაშა ონიანი, გიორგი გურგულია და დავით ქაცარავა მონაწილეობენ.
”ძალიან საინტერესო სიუჟეტია. მე ვასრულებ რუხი ანგელოზის როლს, რომელიც იცავს ბალანსს სიკეთესა და ბოროტებას შორის. მართალია ეს არ არის მთავარი როლი, მაგრამ ძალიან მნიშვნეოვანი პერსონაჟია. ფილმს კი ძალიან დრამატული დასასრული აქვს,” -განაცხადა დავით ქაცარავამ.
ფილმის ქრონომეტრაჟი 90 წუთია. რაც შეეხება ბიუჯეტს, როგორც რეჟისორმა განაცხადა, ის საშუალო ბიუჯეტიანია. სამომავლოდ კი ფილმის საერთაშორისო ფესტივალებზე გატანაც იგეგმება, ნიკა ჯავახიშვილის თქმით, ამჟამად სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება.