მსოფლიო რაგბის ფედერაციამ გამოაგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჩატარებულმა 20-წლამდელთა მსოფლიოს პირველობამ უმაღლესი შეფასება მიიღო. სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი ერთხელაც შეაჯამეს, ამასთან მადლობა გადაუხადეს ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის თითოეულ წევრს და საფეხბურთო გუნდების “ზესტაფონის” და “ტორპედოს”, აგრეთვე კარლო მჭედლიძის საფეხბურთო აკადემიის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, ამ გუნდების ბაზებზე ჩემპიონატის მონაწილე გუნდები ვარჯიშობდნენ, მატჩთა შორის პერიოდში საწვრთნელ ვარჯიშებს მართავდნენ. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და 20-წლამდელთა ტურნირის დირექტორი ბაჩო ხურციძე.
საქართველოში (ქუთაისსა და თბილისში) გამართულმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, აქამდე გამართულ 10 ტურნირს შორის, ორგანიზატორებისა და მონაწილე გუნდებისგან უმაღლესი შფასება მიიღო. აქამდე მსგავსი ტურნირების ჯამური შეფასება 87% იყო (შარშან მანჩესტერში), საქართველოში ჩატარებული ჩემპიონატის მაჩვენებელმა კი 90%-ს მიაღწია.
“საქართველოს რაგბის კავშირმა ტურნირი ჩაატარა პროფესიულ დონეზე. პერსონალი სრულად იყო ჩართული საორგანიზაციო საქმიანობაში და მაქსიმალურად ცდილობდა მოსალოდნელზე მაღალი შედეგის მიღწევას. ქართველი ორგანიზატორების საქმისადმი სიყვარულმა და საკუთარი ქვეყნის საუკეთესო კუთხით წარმოჩენის სურვილმა, ტურნირის სტანდარტი საგრძნობლად აამაღლა” – წერია მსოფლიო რაგბის ოფიციალურ მოხსენებაში.
ტურნირი მსოფლიო რაგბმა და 12-ივე მონაწილე ქვეყანამ დეტალურად შეაფასა და საქართველოში გამართულმა ჩემპიონატმა წინამორბედებს ყველა მაჩვენებლით აჯობა. მისი რეიტინგი 97% იყო, ცერემონიები 96%-ით შეფასდა, ტურნირის მართვა – 94%. სულ 18 კრიტერიუმი შეფასდა და მათი საშუალო მაჩვენებელი 90%-ია.
“გუნდების მხრიდან ტურნირის 90%-იანი შეფასება ყველაზე მაღალია, რაც კი აქამდე გვქონია. ეს შესანიშნავი შედეგია. ტურნირი გაიმართა ჩემპიონატისთვის ზუსტად მორგებულ ორ სტადიონზე. თამაშებზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევდა (განსაკუთრებით როდესაც მოედანზე საქართველო იყო), რაც ხელს უწყობდა საზეიმო განწყობის შექმნას. გაგვაოცა ქუთაისელ გულშემატკივართა რაოდენობამ (ქუთაისში ხომ საქართველოს არ უთამაშია) და სარაგბო კულტურამ. ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობის წყალობით, ყველა გუნდს მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეექმნა. სრკ-ს თანამშრომელთა უმცირესი დეტალების მიმართ ყურადღებამ, ენთუზიაზმმა და პროფესიონალისზმა, სასტუმროებისა და ინფრასტრუქტურის შესანიშნავმა არჩევანმა, კარგად გამართულმა მომსახურებამ, ხელი შეუწყო არაჩვეულებრივი ტურნირის ჩატარებას, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა” – ვკითხულობთ მსოფლიო რაგბის მოხსენებაში.
“ის, რომ ყველა მონაწილე გუნდმა ტურნირს 90% შეფასება მიანიჭა, იმაზე მეტყველებს, რომ ისინი საუცხოოდ გრძნობდნენ თავს საქართველოში. ეს შედეგები წინა წლებთან შედარებით ნამდვილად გამორჩეულია და ასახავს მასპინძელი რაგბის კავშირის მაღალ პროფესიონალიზმსა და სითბოს. საქართველოს რაგბის კავშირი, ქართული სარაგბო თემი, ქომაგები და მთელი ქვეყანა უნდა ამაყობდეს ამ შედეგით, ვინაიდან საქართველოში ჩატარებულმა ტურნირმა ერთი ასად ასწია მომავალი მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის თამასა” – განაცხადა მსოფლიო რაგბის ტურნირების დირექტორმა საიმონ ქიბლმა.