ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს გულის პირველადი გაჩერება და მოულოდნელი სიკვდილი ან გულის რიტმის დარღვევა. ალკოჰოლიზმის ადრეულ სტადიაზე თავს იჩენს წყლულოვანი დაავადება, ტრავმები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მოგვიანებით – ღვიძლის ციროზი, პიელონეფრიტი, ტვინისმხრივი დარღვევები. ალკოჰოლისადმი სწრაფვის ერთ-ერთი მიზეზია ეთილის სპირტის ფსიქოტროპული და სედატიური მოქმედება, რაც გუნება-განწყობის ამაღლებას და დაძაბულობის მოხსნას იწვევს. ყურადღებას იქცევს შიშის, სიბრაზის ან მრისხანების აფექტები. ავადმყოფი აღგზნებულია, ჩხუბობს, ირგვლივ მყოფებს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს ან თავს იცავს, გაქცევას ცდილობს. დროთა განმავლობაში იცვლება გუნება-განწყობა: ადამიანი დათრგუნულია, ეუფლება მოუსვენრობა, შიში, დანაშაულის განცდა. ძილი ზედაპირულია, სიზმრები – კოშმარული.
პათოლოგიური თრობა რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. აგზნება საერთო სისუსტესა და ღრმა ძილში გადადის. ადამიანს მომხდარი აღარ ახსოვს. ჯანმრთელ ადამიანებს თრობის მეორე დღეს რჩებათ ინტოქსიკაციის სიმპტომები, რომლებიც შეიძლება ალკოჰოლის მიღებისას გამძაფრდეს და სპირტიანი სასმელების ზიზღი გამოიწვიოს. ალკოჰოლს უმთავრესად 13-15 წლის მოზარდები ეტანებიან, თუმცა აღრიცხულია ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევები უფრო ადრეულ ასაკშიც.
ქალებს შორის ალკოჰოლიზმი უფრო ნაკლებად არის გავრცელებული, ვიდრე მამაკაცებს შორის. უმთავრესად ალკოჰოლიზმით დაავადებულნი არიან საშუალო ასაკის ქალები. ალკოჰოლიზმი მამაკაცებში უმთავრესად გულ-სისხლძარღვთა დაზიანებას იწვევს. ქალებში უფრო მეტად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი) გვხვდება. ალკოჰოლიზმის მკურნალობა წარმატებით დაგვირგვინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად ავადმყოფს სურს განკურნება. მკურნალობა შეიძლება ამბულატორიულ პირობებშიც და სტაციონარშიც. ალკოჰოლისადმი ლტოლვა დიდხანს გრძელდება, ამიტომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ აუცილებელია სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ოჯახისა და ახლობლების დახმარება და, რაც მთავარია, ფსიქოთერაპია.