ალკოჰოლური დელირიუმი – ეს არის ყველაზე ხშირი მეტალკოჰოლური ფსიქოზი. პროდრომული პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე, რომლის დროსაც გამოხატულია ძილის დარღვევა კოშმარული სიზმრებით, შიშებით, ხშირი გამოღვიძებებით და ვეგეტატიური სიმპტომატიკით. ფსიქოზური გამოვლინებები უმეტესად წარმოიქმნება საღამოს საათებში მხედველობითი ილუზიების სახით. ადგილი აქვს მოტორიკისა და მიმიკის გამოცოცხლებას. საწყის სტადიაში შეიძლება შეგვხვდეს ერთეული ან მრავლობითი კრუნჩხვითი განტვირთვები, არაიშვიათად ვერბალური ჰალუცინაციები და ხატოვანი ბოდვა. ავადმყოფი ხედავს მწერებს, დაპატარავებულ ცხოველებს, თევზებს, გველებს, თოკებს, ობობას ქსელს, მავთულებს. მხედველობითი ჰალუცინაციები მოძრავია, იცვლის ფორმას და ზომას, ატარებს სცენურ, კალეიდოსკოპურ ხასიათს. დელირიუმის გაღრმავებას თან სდევს სმენითი, ყნოსვითი, თერმული ჰალუცინაციების წარმოქმნა. ირღვევა სხეულის სქემის და სივრცეში სხეულის მდგომარეობის აღქმა. მეტყველება წყვეტილია, გაუგებარი სიტყვებით ან ფრაზებით.

აფექტური სფერო მუდმივად ცვალებადია; აღინიშნება გულარხეინობა, გაოცება, სასოწარკვეთილება, იუმორი, მდგომარეობა, რომელსაც თან სდევს შიშის გრძნობა. დომინირებს დევნისა და ფიზიკური განადგურების ბოდვითი აზრები. ფსიქოზის ხანგრძლივობა 3-5 დღე, იშვიათად 1-1,5 კვირა. გამოსვლა უმეტესად კრიტიკული, ხანგრძლივი ძილის შემდეგ, ზოგჯერ თანდათანობითი. ნევროლოგიური დარღვევებიდან აღსანიშნავია წვრილამპლიტუდიანი, რითმული კანკალი, რომელიც ზოგ შემთხვევაში ღებულობს გენერალიზებული ტრემორის ხასიათს, ატაქსია, კუნთთა ჰიპერტონია, ჰიპერრეფლექსია, კონვერგენციის სისუსტე. სომატური დარღვევებიდან – გამოხატული ოფლიანობა სპეციფიკური სუნით, კანის, განსაკუთრებით სახის ჰიპერემია, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მერყეობა, ტაქიპნოე, ღვიძლის გადიდება, სკლერების სიყვითლე, სისხლში ლეიკოციტოზი მარცხენამხრივი გადახრით, ედს-ის აჩქარება, ბილირუბინის და ქოლესტერინის მომატება.
