რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერს ლაშა ჩხაპელია, იგივე „თამადა“ სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე, სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „გოგოვ (გულს რად მიკლავ)“ პრემიერა შედგა.
ლაშა, ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე „გოგოვ (გულს რად მიკლავ)“, საიდან გაჩნდა ამ ნამუშევრის ჩაწერის იდეა?
ზოგადად, ესე არ ვირჩევ ხოლმე ქავერს რაზე გავაკეთებ. არ არსებობს სუფრა, რომ გიტარით დავჯდე და ეს სიმღერა არ ვიმღერო… წლებია ასეა.
ლაღიძის სიმღერას – „გოგოვ“, რა თქმა უნდა, ღელვა თან ახლდა, ყველანაირად ვეცადე, რომ ჩარჩოში ვყოფილიყავი ვოკალურად ან მუსიკალურად, რომ რაღაც ცდომილება არ ყოფილიყო, რომ ცუდად არ მოხვედროდა ხალხს და იმედია, გამომივიდა. ვხედავ, რომ უმეტესად კარგი შეფასებებია და ეს ძალიან მაბედნიერებს. საერთოდ, ამ სტილის სიმღერა ძალიან მჭირდებოდა მეც და სოციუმსაც, რაღაცნაირად ყველა გაბედნიერდა. ბოლო წლებია, ასეთი ბედნიერება ჩემს „ფიდებზე“ არ ყოფილა. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რომ ადამიანების გაბედნიერება შევძელი.

ფოტო: Tibatve
როგორ შეარჩიეთ სასცენო სახელი, საიდან მოვიდა სახელის „თამადა“ ინსპირაცია?
ეს ძალიან ორგანულად მოხდა, რომ გითხრათ, ზუსტი მომენტი მახსოვს-მეთქი, მოგატყუებთ.
ზოგადად, ძალიან მიყვარს ჩვენი ქართული სუფრის კულტურა, სიღრმისეულად მიყვარს და არა საბჭოურად, როგორც ამ წუთას შემორჩა, უფრო ძველ სტილში მიყვარს. 10 წელი ევროპაში ვცხოვრობდი და ყველას ვუზიარებდი თამადის კულტურას, რომ მე ისე სმა არ მომწონს, თუ სიტყვა არ თქვა ადამიანმა და ასე რაღაცნაირად ხუმრობით, სერიოზულობითაც ჩემი უცხოელი მეგობრები თამადას მეძახდნენ. ასე შემერქვა თამადა და შემდეგ, მეც მომეწონა.
კარიერის დასაწყისში თუ გყავდათ ვინმე მუსიკალური მრჩეველი?
ასეთი მრჩეველი არ არსებობს. ახლა, ხანდახან ჩემი მეუღლე ან ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ ვიცოდი, რომ „თამადას“ მუსიკასთან რაღაცნაირად მარტო ვიყავი შესაჭიდებელი, რადგან თავიდან ჩემი მეგობრებიც ვერ მიხვდნენ, რას ვაკეთებდი. თავიდან ცოტა „Error“-ი, შოკი იყო.
ამ ჟანრის პოვნა რამდენად ადვილი იყო თქვენთვის?
რა თქმა უნდა, ადვილი არ იყო. ეს სულ იყო ჩემთან, მაგრამ ამას სჭირდებოდა დრო, ცოდნა. ბერლინში საუნდ დიზაინზე ვსწავლობდი, ვსწავლობდი მუსიკას. ამ ყველაფერს, აქამდე მოსვლას ძალიან ბევრი გამოცდილება სჭრიდებოდა, არა მარტო მუსიკალური, ცხოვრებისეულიც, ასევე ბევრი რამის გადალახვა. ბევრი პრობლემით, ბევრი უბედურებით, ბევრი ძალიან კარგი რაღაცით მივედი იქამდე, სადაც საკუთარ თავთან ტყუილში ვერ ვიქნებოდი. ყოველთვის მაბედნიერებს ის იდეა, რომ მე საკუთარ თავს ამ განხრით არ ვატყუებ.

ფოტო: Marika mikeli
თქვენი შეფასებით, რამდენად მოთხოვნადია თქვენი შემოქმედება?
გვაქვს თვეში რამდენიმე კონცერტი, არა მარტო საქართველოში, სომხეთშიც ძალიან პოპულარულები გავხდით. ამერიკის ტური მქონდა უკვე ორჯერ, ასევე რამდენჯერმე მქონდა ევროპის ტური. „თამადას“ მუსიკა მხოლოდ ის არ არის, რაც აქ არის პოპულარული, საკლუბო მუსიკა არის „თამადა“ და საზღვარგარეთ საკლუბო-საფესტივალო მიმართულებითაც ხშირად ვართ. „დიფ დუქანი“ ასე დავარქვი ჩვენს ჟანრს.
ძალიან იშვიათი ჟანრია, მგონი საერთოდაც ერთადერთია…
დიახ, ერთადერთია და ამიტომაც ძალიან ხშირად გვიწევს ხოლმე ყოფნა ძალიან ცნობილ გადაცემებში, სადაც ბილი აილიში და ასეთი ძალიან მაღალი რანგის მუსიკოსები დადიან საკუთარი მარკეტინგისთვის.
როგორია სამომავლო გეგმები და დაგეგმილი კონცერტები?
ბელგიაში, ანტვერპენში გვაქვს კონცერტი ძალიან კარგ ადგილას, ასევე 31 დეკემბერს „არტერიაში“ გვაქვს საახალწლო კონცერტი. თუ ნაღდი თამადური, ქართული, ჯიგრული გრიალი უნდა ხალხს, ველოდებით.
თამადა – „გოგოვ (გულს რად მიკლავ)“
გადაცემის ჩანაწერი