მიჩიგანის შტატში, ოკლენდის ოლქის შერიფმა დააკავა 12 წლის მოზარდი, რომელიც ბოლო ერთი თვის განმავლობაში პოლიციას თავს არიდებდა და რამდენიმე მანქანის მოპარვაში იყო ეჭვმიტანილი.
როგორც ადგილობრივი რადიო WCRZ იუწყება, სამართალდამცველებმა 28 ივნისს სპეციალური ოპერაცია ჩაატარეს და ერთ-ერთ ავტოსადგომზე ბიჭი დააკავეს.
გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ მოზარდმა ოთხი მანქანა მოიპარა, მათ შორის ერთ-ერთი — სულ რაღაც 30 დოლარად გაყიდა. პოლიცია არ აზუსტებს, დააკავეს თუ არა ავტომობილის მყიდველი.
ოკლენდის ოლქის შერიფმა მაიკლ ბუშარმა აღნიშნა, რომ ბიჭი თითქოს GTA-ს (Grand Theft Auto) ვიდეოთამაშის წესებით ცხოვრობდა, სადაც მოთამაშეს სჭირდება მანქანების მოპარვა, მაღაზიების ძარცვა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებები.
„ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს ჩარევა მის სწორ გზაზე დაბრუნებას შეუწყობს ხელს,“ — დასძინა შერიფმა ბუშარმა.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონში წყვილმა, პოლიციის უმოქმედობის გამო, თავად მიაკვლია მოპარულ მანქანას და უკანვე წაიყვანა.