2025 წლის 1-ლი აპრილიდან ამსტერდამის ცენტრში მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ნავებს დაუშვებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ არხებში გადაადგილებას მხოლოდ ის ტრანსპორტი შეძლებს, რომელიც ელექტროენერგიაზე, წყალბადზე მუშაობს ან ძრავა საერთოდ არ აქვს. სიახლის შესახებ Euronews წერს.
ახალი წესები ჰაერის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, შეამცირებს ხმაურის დონეს და ბენზინის თუ დიზელის ძრავებისგან მავნე გამონაბოლქვს გააქრობს.
განსაკუთრებული პირობები იმოქმედებს ნავებისთვის, რომლებიც როგორც ისტორიული მემკვიდრეობა ისე არიან დარეგისტრირებული: მათ შეუძლიათ 2030 წლამდე დამატებითი ნებართვის გარეშე იმოძრაონ. ჰიბრიდული ნავები (მაგალითად, დიზელ-ელექტრონული) ასევე გააგრძელებენ გადაადგილებას, თუმცა ცენტრში მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენება მოუწევთ.
სადგურების მეპატრონეებს მერია ინფრასტრუქტურის განახლებაში დაეხმარება, რათა იქ ელექტრო ნავების დამუხტვა გახდეს შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ამსტერდამი ტრანსპორტის გათვალისწინებით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური ქალაქია.