ამსტერდამის ცენტრში ავტომობილით შესვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს. ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ცენტრი ავტომობილებისგან განტვირთოს და ყველაზე პოპულარული ქუჩები ფეხითმოსიარულეებისთვის უფრო კომფორტული გახადოს. ამ მიზნის მისაღწევად კი, გარდა სპეციალური გადასახადისა, ავტომფლობელებს სხვა დამატებითი დისკომფორტიც შეექმნებათ. ცენტრალური ქუჩების უმრავლესობა ცალმხრივი გახდება, ზოგიერთ მათგანზე კი ტრანსპორტის მოძრაობა საერთოდ აიკრძალება. საინტერესოა, რომ ამსტერდამელები შეზღუდვებს დადებითად შეხვდნენ. მათი აზრით, სიახლე ჰაერის მდგომარეობას გააუმჯობესებს, საცობებს შეამცირებს და ქალაქს ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის.