ამსტერდამში დაიწყო მუშაობა აპლიკაციამ Diva Ride, რომლის საშუალებითაც ქალებს შეუძლიათ გამოიძახონ ტაქსი, სადაც მძღოლებიც ქალები არიან. აპლიკაცია უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა – დანაშაულის ზრდის გამო, ბევრ ამსტერდამელ ქალბატონს ურჩევნია მამაკაც მძღოლთან ერთად არ იმგზავროს.
ჯერჯერობით ეს აპლიკაცია მხოლოდ ამსტერდამში მუშაობს, თუმცა გეგმაშია მისი გავრცელება ნიდერლანდების სხვა ქალაქებშიც – როტერდამსა და უტრეხტში.
Diva Ride-ის შემქმნელები აღიარებენ, რომ აპლიკაცია ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს: ძალიან ცოტა ქალი მძღოლია მასში ჩართული. თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში გუნდს მეტი პროფესიონალი შეუერთდება.
ეს აპლიკაცია მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია იმ კომპლექსური ზომების, რომელიც ამსტერდამმა იმისათვის მიიღო, რომ ქალებისთვის ცხოვრება უფრო უსაფრთხო ყოფილიყო. პროექტისთვის უკვე გამოყოფილია ბიუჯეტი;
თანხა მოხმარდება ისეთ ზომებს, როგორიცაა პოლიციის პლატფორმის შექმნა სქესობრივი ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად, პრევენცია და საზოგადოებრივი ადგილების უსაფრთხოების გაუმჯობესება.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის ნაწილს მიმართავს იმისათვის, რომ ქალაქის ქუჩები ღამის საათებში უფრო უსაფრთხო გახდეს – ამისთვის გაუმჯობესდება განათება და განახლდება ველოსიპედის ბილიკები. ასევე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრი უფრო ხანგრძლივი დროით იმუშავებს.