ინფრასტრუქტურის სამინისტრომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტზე ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი გულისხმობს წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებას სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზისთვის, ანაკლიის საზღვაო პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით.
საქართველომ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტისთვის დაფინანსება მსოფლიო ბანკისგან მიიღო. აღნიშნული დაფინანსების გარკვეული ნაწილი გამოყენებული იქნება ხსენებული პროექტის ფარგლებში შესასყიდი საქონლის, სამუშაოების, საჭირო მომსახურებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მოხდება.
დავალება შედგება ორი თანმიმდევრული, თუმცა დამოუკიდებელი ეტაპებისგან (წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება). გადაწყვეტილება მეორე ეტაპის განხორციელების შესახებ მიიღება პირველი ეტაპის შედეგების შესაბამისად.
დაინტერესებულმა კომპანიებმა უწყებაში უნდა წარადგინონ აღნიშნული მომსახურების გასაწევად საჭირო გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. ინტერესთა გამოხატვის წერილს თან უნდა დაერთოს შემდეგი: კონსულტანტის კორპორატიული პროფილი და შესაბამისი გამოცდილება დავალებასთან მიმართებაში, ძირითად თანამშრომელთა კვალიფიკაციას.
დაინტერესებულ კონსულტანტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ იმეილზე: [email protected]
განაცხადების მიღება 28 ივლისს დასრულდება.