საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე რთული სახსარია: იგი მოძრაობს წინ, უკან და გვერდზე. ღეჭვის დროს შეუძლია უძლიერეს ზეწოლას გაუძლოს, რაც ზედა და ქვედა კბილების მდებარეობასა და სიჯანსაღეზეა დამოკიდებული. ყველაზე ხშირად საფეთქელ-ქვედა ყბის დაავადებების მიზეზი კუნთების ტონუსის დარღვევა და სახსრის ანატომიური პათოლოგიებია, კონკრეტული მიზეზებიდან კი აღსანიშნავია: კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა, სახსარსშიდა მოშლილობა, ართრიტი, ანკილოზი და ჰიპერმობილობა.
ანკილოზი სახსრის მოძრაობის უნარის დაკარგვაა, რასაც ძვლების შეზრდა ან სახსრის გარშემო არსებული იოგების კალციფიკაცია იწვევს. დაავადების სიმპტომებია: თავის ტკივილი, საღეჭი კუნთების მტკივნეულობა, ტკაცუნის ხმიანობა ან სახსრის ჩაკეტვა. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია კისრის დაჭიმულობა ან მტკივნეულობა, რაც მხრებში გადაეცემა, თავბრუსხვევა, ყურის ტკივილი ან დაგუბება, ძილის დარღვევა. ყბის გარშემო კუნთების ტკივილი და დაჭიმულობა, ძირითადად კუნთების ჭარბი დატვირთვისა და გადაძაბვის შედეგია. ამას, თავის მხრივ, იწვევს ზედა და ქვედა თანკბილვის დარღვევები, კბილების უქონლობა, თავის ან კისრის ტრავმა ან კბილის ტკივილიც კი. ტკივილის მიზეზი ასევე შეიძლება პირის ზედმეტად გაღების მცდელობა იყოს. კუნთების ტკივილსა და დაჭიმულობას იწვევს კბილების კრაჭუნი ან კრიჭის შეკვრა ღამით, ფსიქოლოგიური ან ძილთან დაკავშირებული სტრესის გამო.
სახსრის გარშემო არსებული იოგების კალციფიკაცია, როგორც წესი, მტკივნეული არ არის, მაგრამ ამ დროს პირის გაღება 2,5 სმ-ზე მეტად შეუძლებელია. სახსარში არსებული ძვლების შეზრდა იგივე სახსარშიდა ანკილოზი ტკივილს იწვევს და ქვედა ყბის მოძრაობას უფრო მკვეთრად ზღუდავს. საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დაავადების დიაგნოზის დასასმელად თითქმის ყოველთვის საკმარისია პაციენტის სამედიცინო ისტორიის გაცნობა და მისი გასინჯვა. გამოკვლევა მოიცავს სახის აქეთ-იქით თითით ზეწოლას ან პირის გაღებისა და დახურვის მომენტში ნეკა თითის ყურზე დაჭერას. კალციფიკაციის მქონე ადამიანებს ზოგჯერ დაჭიმვის სავარჯიშოები შველით, მაგრამ უფრო ხშირად კალციფიკაციის ან ძვლების შეზრდისას ყბის მოძრაობის აღსადგენად ოპერაციაა საჭირო.