11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, წლის სიმღერის დაჯილდოება „ოქროს ტალღა“, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით, წელს მეექვსედ გაიმართა. საღამო წითელი ხალიჩის ნაწილით გაიხსნა, სადაც ქართული შოუბიზნესის ყველა მიწვეულმა ვარსკვლავებმა გაიარა.
მოლოდინი „ოქროს ტალღის“ წლევანდელი დაჯილდოების მიმართ განსაკუთრებული იყო. ჰოლდინგმა წინასწარ გამოაცხადა ნომინანტთა სამეულები 15-დან 8 კატეგორიაში. სამეულების გამოსავლენად ძირითად კატეგორიაში ჟიურის ფართო შემადგენლობამ იმუშავა, სადაც სფეროს პროფესიონალები შევიდნენ და მათი ვინაობა „ოქროს ტალღის“ ცერემონიამდე გასაიდუმლოებული გახლდათ.
„ოქროს ტალღა 2019“-ის წამყვანები გახლდნენ რადიოჰოლდინგის სახეები, ნიკა კაცია და ნია მოძმანაშვილი, ნიკო ცალანი და მარიდეა გელაშვილი, პაატა დათუნაშვილი და თაკო ოქროპირიძე.
ღონისძიება მარკ მარტელმა გახსნა. კანადელმა შემსრულებელმა, რომელსაც „ფრედი მერკურის ერთ-ერთ საუკეთესო ვოკალურ განმასახიერებლად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ დარბაზში ლეგენდარული „ქუინის“ უამრავი ფანი იმყოფებოდა, რომელთათვისაც განსაკუთრებული მომენტი „ოქროს ტალღისთვის“ ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორის მიერ გამოგზავნილი წერილი გახდა. ლეგენდარული მუსიკოსები წერენ, რომ ძალიან უნდოდათ „ოქროს ტალღაზე“ დასწრება, თუმცა ვერ შეძლეს გადატვირთული საკონცერტო ტურნეს გამო. რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ კი მადლობა მიუძღვნეს.
ცერემონიაზე 15 ნომინაციაში გამარჯვებულები დასახელდნენ, მათ შორის მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა მამუკა ჩარკვიანი, რომელსაც დარბაზი ფეხზე წამოუდგა. დარბაზს ცნობილმა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა ემოციურად მიმართა და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა. კიდევ ერთი ემოციური მომენტი „ოქროს ტალღაზე“ ნანი ბრეგვაძის სცენაზე გამოჩენამ გამოიწვია – მას ქართული მუსიკის საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის გადასცეს ჯილდო.
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული გახდა სოფო გელოვანი სიმღერით „ცივი ხელები“. სოფომ სცენაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჯილდო არაფერია, თუკი ადამიანებს ერთმანეთის გამარჯვება არ უხარიათ და მოუწოდა კოლეგებს, შეიყვარონ ერთმანეთი და ერთმანეთის შემოქმედება.
ინტერნეტრჩეულის ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვა ბაჩო რამიშვილმა, რომელმაც სიმღერა და გამარჯვება სამი წლის შვილს მიუძღვნა. სწორედ ბაჩოს ნამუშევარმა აიღო ყველაზე მეტი ხმა ინტერნეტგამოკითხვაში, რომელიც goldewave.ge-ზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.
წლის ქალი შემსრულებელი მაკა ზამბახიძე გახდა, ამავე კატეგორიაში მამაკაცებს შორის სტეფანემ გაიმარჯვა, რომელიც დაგვპირდა, რომ კვლავ გააგრძელებს აქტიურობას და მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზებას, მორიგი ჯილდოს მოსაპოვებლად. წლის რიმეიქის ნომინაციაში გამარჯვება სოფო ნიჟარაძემ და საბა კემულარიამ „კართან მოდგა შემოდგომა“-ს ახალი ვერსიით მოიპოვეს, რომლის არანჟირებაც ზვიად ბოლქვაძის შექმნილია. წლის დუეტის პრიზის ასაღებად სცენაზე ნატო გელაშვილის შვილები, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები ავიდნენ, რომლებმაც განსაკუთრებული მადლობა დედას გადაუხადეს, არა მხოლოდ სიმღერისთვის, არამედ ზოგადად, ყველაფრისთვის. გამორჩეული სიურპრიზი აღმოჩნდა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ წამყვანებისთვის, – ნიკა კაცია, გვანცა გადაბაძე, ნიკო ცალანი, მათი პროექტის წლის დებიუტის ნომინაციაში გამარჯვება. სიმღერა „არ მახსოვს“ თავიდან ხუმრობად იყო ჩაფიქრებული, თუმცა ნიკა კაციას მელოდიისა და ანი კავლელიშვილის ტექსტის წყალობით, ასევე გიორგი დათიაშვილის არანჟირებით, ისეთი სერიოზული სახე შეიძინა, რომ „ოქროს ტალღის“ მფლობელი გახდა. საუკეთესო ვიდეორგოლისთვის პრიზი ნოდიკო ტატიშვილმა და ნესტან სინჯიკაშვილმა მოიპოვეს, წლის ანსამბლი „შვიდკაცა“ გახდა, ხოლო წლის ქალაქური სიმღერისთვის განკუთვნილი ჯილდო ლაშა ღლონტისა და „გროს ოქტეტის“ დუეტს ხვდა წილად. წლის პროდიუსერის ჯილდო მეორედ მიიღო გიორგი კერესელიძემ (ისთერნ პრომოუშენი).
მთავარი ჯილდოს, წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსაცხადებლად, სცენაზე გამოვიდა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე. მან სამ ნომინანტს, სტეფანეს, ნოდიკო ტატიშვილსა და ანრი ჯოხაძეს შორის სწორედ ეს უკანასკნელი დაასახელა ლიდერად და სცენაზე მოიხსმო. წლის სიმღერა ანრის „ცივი ნოემბერი“ გახდა, რომელსაც არა მხოლოდ აქტიურად ითხოვდნენ რადიოებში, არამედ მასზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელებში რამდენიმე მილიონ ნახვას გადასცდა.
ანრი ჯოხაძე:
სხვათა შორის, წინა გამარჯვებაზე მეტად წელს ველოდი გამარჯვებას. ახლა ვენერა ტყუპებშია (იღიმის). მე ხომ შინაგანად ძალიან ემოციურია ვარ. ამას არ ვაჩენ და ვთამაშობ ხოლმე, რომ რაღაცები ფეხებზე მკიდია, მაგრამ სინამდვილეში ხომ ასე არ არის?!. ძალიან ემოციური იყო, როცა თამარ ჩიგოგიძემ გამომაცხადა მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულად. უცებ სასიამოვნოდ მაიმუნი გავხდი. არასდროს გამითვლია ეს სიმღერა მასებისთვის, თუმცა ვიცით, რომ ამ ვიდეოს სამ მილიონს გადასცდა. მათ შორის რადიო „ფორტუნას“ ოფიციალურ „ფეისბუქზე“ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მთავარი რა არის? სიმღერამ უნდა მომიტანოს რაღაც განწყობა, ხასიათზე უნდა დამაყენოს. ხალხის ემოციები და განცდები დაემთხვა ჩემი და ლექსის ავტორის, ნიკა ჩერქეზიშვილის ემოციებს. ამ სიმღერამ ეს შეძლო.
შეაფასე მარკ მარტელის გამოსვლა, როგორც „ქუინის“ თაყვანისმცემელმა…
რაც შეეხება მარკ მარტელს. შევეცდები, ობიექტური ვიყო, ფრედი ფრედია, მაგრამ მარკმა არაჩვეულებრივად შეასრულა „ქუინის“ სიმღერები. რაც მთავარია, დარბაზი ხელში აიყვანა. პირველივე სიმღერიდან გამახსენდა ჩემი ყმაწვილობა, წამოვხტი ფეხზე და ვუკრავდი ტაშს. უცებ გავიხედე და სხვა არავინ იდგა ფეხზე, არადა, Radio Gaga-ს ძალიან უხდება ტაში… თავიდან ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მარკ ამრტელის შემდეგ გამოსვლაზე დაინგრა დარბაზი… „ქუინი“ ჩემს ცხოვრებაში მთავარი ჯგუფია, მაგრამ განა მე ნაკლებად მიმღერია?!. (იღიმის).
მარკ მარტელის სცენაზე გამოჩენამ დარბაზი მართლაც ააღელვა. გახსნისას მან არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა პუბლიკამ საღამოს მეორე ნახევარში, როცა მარკმა სცენა ხანგრძლივი დროით დაიკავა, ქართველი მუსიკოსების (ირაკლი სანაია – კლავიში, გიორგი სამსონაძე – ბასი, ზურა კიკნაძე – გიტარა, ზაზა ცერცვაძე – დრამი
უჩა მეტრეველი – გიტარა), გორის ქალთა გუნდისა და თბილისის მერიასთან არსებული საბავშვო კაპელის თანხლებით, საზოგადოება ადგილებიდან წამოიშალა და მარტელის მოსასმენად და კომპოზიციების შესრულებაში მონაწილეობის მისაღებად სცენასთან შეგროვდნენ. კანადელი მუსიკოსი ოპერის თეატრში შექმნილი გარემოთი ისე მოიხიბლა, რომ ბისზე ორჯერ დაბრუნდა და თავისი გამოსვლა ბრწყინვალე კომპოზიციით Love of My Life დაასრულა…
ღონისძიების დასრულების შემდეგ, „ოქროს ტალღა 2019“-ის შეჯამება ვთხოვეთ რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირეტორს, თამარ ჩიგოგიძეს:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ „ოქროს ტალღამ“ წარმატებით ჩაიარა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მონაწილეს, შემსრულებელს, გადავუხადო დიდი მადლობა. რასაკვირველია, არ შემიძლია, არ გავამახვილო ყურადღება ჩვენს ბიზნესპარტნიორებზე, მადლობა „ჩექ ინ ჯორჯიას“, თბილისის მერიასა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს. ისინი მუდამ ჩვენ გვერდით არიან. განსაკუთრებული მადლობა ჩემგან ეკუთვნის ჩვენს პროფესიონალურ გუნდს, რომლის წყალობით „ოქროს ტალღა“ შედგა.
ჩემი აზრით, აუდიტორია იყო აღფრთოვანებული ჩვენი სპეციალური სტუმრის გამოსვლით. ასეთი ემოციები დიდი ხანია, არ მინახავს დარბაზში. მიხარია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ. წელს „ქუინის“ წელია და ამიტომაც გადავწყვიტეთ, მისი შემოქმედების უბადლო შემსრულებელი, მარკ მარტელი ჩამოგვეყვანა საქართველოში.
„ოქროს ტალღის დაჯილდოების ცერემონიას „რუსთავი 2“ მალე საკუთარ ეთერში წარმოგვიდგენს.
შეგახსენებთ, რომ „ოქროს ტალღა“ რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ ექვსი წლის წინ დააფუძნა. მთავარი ჯილდოს, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებულები, სხვადასხვა დროს გახდნენ ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი, ანრი ჯოხაძე, ნიაზ დიასამიძე, სტეფანე მღებრიშვილი და ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე.
„ოქროს ტალღის” მხარდამჭერია პროექტი „ჩექინ ჯორჯია” და ქალაქ თბილისის მერია. დაჯილდოების წარმდგენია „ლიდერ ფუდი“, მარკ მარტელის სპონსორი პე-ეს-პე –ს ფრანგული ბრენდები, მასპინძელი სასტუმრო „ვინდჰემ გრანდი“ ოფიციალური გადამყვანი „თურქიშ ეარლაინსი”, ღონისძიების უსაფრთხოებაზე ზრუნავს დაცვის სამსახური ომეგა ემბეერი. პარტნიორები: „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი“, „ლუტეცია“, „მაგთი“. საინფორმაციო მხარდამჭერი „რუსთავი 2“.