კომპანია Apple-მა დარეგისტრირებული უპილოტო ავტომობილების რაოდენობა 55 ერთეულამდე გაზარდა. მათ 83 მძღოლი გატესტავს. ამის შესახებ, კალიფორნიის ავტოტრანსპორტის დეპარტამენტი იუწყება.
უპილოტო ავტომობილების რაოდენობით, კალიფორნიაში Apple-ის ავტოპარკი მეორეა, პირველ პოზიციას კი 104 თვითმართვადი ავტომობილით General Motors ინარჩუნებს. General Motors-ის ავტომობილებს 407 მძღოლი ტესტავს. მთლიანობაში, დღეისათვის შტატში 409 ავტონომიური მოდელი და 1 600 ლიცენზირებული მძღოლია.
ასეთი ტიპის ტრანსპორტის გამოცდის ლიცენზია მხოლოდ 53 კომპანიას აქვს. GM-სა და Apple-ს გარდა დიდი ავტოპარკი აქვს კომპანია Waymo-საც. მას 51 უპილოტო ავტომობილი და 338 მძღოლი ჰყავს. Tesla-ს 39 ავტომობილს კი 92 მძღოლი ტესტავს.
უნდა აღინიშნოს, რომ Apple-მა უპილოტო ავტომობილების გამოცდის ნებართვა გასული წლის აპრილში მიიღო. მაშინ კომპანიამ მხოლოდ სამი ავტომობილი და ექვსი მძღოლი დაარეგისტრირა, ერთი წლის შემდეგ კი მისი ავტოპარკი 55 ერთეულს ითვლის.