„არ დაიდარდოში“ ოთხ წელიწადზე მეტია მუშაობს. რადიო ის სივრცეა, სადაც ყოფნა არასდროს ჰბეზრდება, დასვენებაც სულ მცირე ხნით ყოფნის, შემდეგ ისევ საყვარელ ადგილს უბრუნდება.
ძალიან უყვარს ქართული სიმღერა. რჩეული არ ჰყავს, მაგრამ სურს, მის გვერდით ისეთი მამაკაცი იყოს, ვისაც მუსიკასთან შეხება ექნება.
კატო კიკაბიძესთან მხიარული ინტერვიუ ჩავწერეთ, ისეთი, როგორიც თავად არის.
კატო კიკაბიძე:
„არ დაიდარდოში“ მოვხვდი შემთხვევით, მე შემთხვევითობას ვეძახი. ერთ-ერთ ჩემს მეგობართან შევხვდი თაკო მელიქიშვილს. ახალი წამოსული ვიყავი სხვა რადიოდან, სადაც მანამდე ვმუშაობდი. ძალიან მენატრებოდა რადიო, როგორც მსახიობს – სცენის მტვერი. თაკოს ვთხოვე, თუკი ადგილი გამოჩნდება, დამირეკე-მეთქი. რადიო ჩემთვის სამსახური არ არის, ჩემია – დილით რომ დგები და წყალს დალევ, ისაუზმებ, ასეა ჩემთვის ეთერში გასვლა. დამიკავშირდა „არ დაიდარდოს“ მენეჯერი, გიორგი მშვენიერაძე. ხმა ჩამაწერინა და აღმოჩნდა, რომ 15 წუთში ამიყვანა სამსახურში, რაც არასდროს გაუკეთებია. მერე ყველა ინტერესდებოდა, შენ ის გოგო ხარ, 15 წუთში რომ სამსახურში აგიყვანაო (იღიმის)?..
ვიცი, რომ ოჯახიდან გამომდინარე, ქართული სიმღერის მოყვარული ხარ…
კარგი ქართული სიმღერის. ჩემი აზრით, არიან ადამიანები, რომლებიც ქართულ სიმღერას ცუდ რაღაცებს უკეთებენ. ჩემი ეთერის დროს ყოველთვის ვცდილობ, ისეთი სიმღერები გავუშვა, რაც ჩემს
მსმენელს მიახვედრებს, რა არის კარგი და რა – არა.
რამდენი ხანია, „არ დაიდარდოში“ მუშაობ?
თითქმის ოთხწელიწადნახევარია. არ მომბეზრებია… რომ გამიშვა, დავისვენებ ერთი ათი დღე, მაგრამ მერე ისევ ძალიან მომენატრება… ერთადერთი, რაც მკლავს, ღამის ეთერებია.
პირველი ეთერი გახსოვს?
მახსოვს… პირველი ეთერი თაკოსთან ერთად მქონდა. ამ მხრივ „უზრდელი“ გოგო ვარ, დიდ სცენაზე ამიყვან, კამერის წინ დამსვამ თუ რადიოში, არაფერზე არ მაქვს რეაქცია. ისე გავედი პირველად ეთერში, გეგონება, ბავშვობიდან იქ ვიჯექი. პირველი ეთერის დროს ცოტა შიში და დაძაბულობა ვიგრძნი, მაგრამ წამის მეასედში გამიქრა.
„არ დაიდარდოში“ ხშირად გაქვთ თხოვნები. მოგვიყევი საინტერესო და სახალისო ამბები…
საღამოს ეთერში გვაქვს სამსაათიანი მუსიკალური თხოვნები, საღამოს შვიდიდან ათამდე ვესაუბრები ჩვენს მსმენელს, ვკითხულობ პოსტებს ჩვენს სოციალურ ქსელში და ესემეს ნომერზე 95 700 მოსულ მესიჯებსაც ვკითხულობ. ვარ მედიატორი ადამიანებს შორის, შეყვარებულების შემრიგებელი, მომრიგებელი მოსამართლე, მოკლედ, ყველანაირი საქმის გარჩევაში ვარ ჩართული. მაგალითად, პირობითად მიშიკო მწერს, რომ მაკუნას აღარ ვუყვარვარ და დამშორდა, მე კი ვეუბნები მაკუნას, რომ შეურიგდეს, აქვე არ ვივიწყებ ქალურ სოლიდარობასაც და ვამატებ, რომ თუკი მიშიკომ ძალიან აწყენინა, მაშინ არ შეურიგდეს (იღიმის). ეთერში მიმღერიან, ლა-ლა-ლა და მე უნდა მივხვდე, რა სიმღერას ითხოვენ, რადგან ტექსტები არ ახსოვთ. მე ავტომატურად ვიხსნებ ხოლმე, იმდენჯერ მაქვს მოსმენილი.
ყველაზე რეიტინგული ხუთეული როგორია, ვისაც „არ დაიდარდოში“ ითხოვენ?
ყველა დროს განსხვავებულია და იცვლება, მაგრამ ჩემს ეთერში ხშირად ითხოვენ გიო ხუციშვილს, დათო გომართელს, ლელა წურწუმიას, სტეფანეს და ნეპოტიზმი არაფერ შუაშია და „ქართულ ხმებს“, ნეპოტიზმი იმიტომ ვახსენე, რომ ჩემი ძმაა მათი პირველი ხმა, დათო კიკაბიძე. სულ ვცდილობ, ჩავაჩოჩო და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მესიჯი მოდის, ხშირად არ ვუშვებ ხოლმე. ჩემი თქმა არ უნდა, რომ ძალიან ნიჭიერები არიან და ბევრი ადამიანი ითხოვს მათ სიმღერებს.
შენს საქმიანობას როგორ უყურებს?
ერთხელ მკითხა, რატომ მარ უშვებ ჩვენს სიმღერებსო. ეს, რა თქმა უნდა, იუმორით უკითხავს, მაგრამ უხარია, რომ აქ ვმუშაობ.
თავად მღერი?
ისე ვერ, როგორც ჩემი ოჯახი, ჩემი ძმა. არც ისე ნიჭიერი ვარ, მათ შორის რომ ხმა ამოვიღო. „ქართული ხმების“ კახა გრიგალაშვილს რომ ჰკითხო, სპილოების ჯოგმა გადამირბინა ყურზე (იცინის).
ვიცი, რომ სხვადასხვა საღამოც მიგყავს ხოლმე…
თუკი მაქვს შემოთავაზება, სიამოვნებით მიმყავს. გააჩნია სიტუაციასა და პერიოდს, ძირითადად, საახალწლო პერიოდში ვერთვები აქტიურად. მიჭირს კარაოკეს წამყვანობა, სულ ალიაქოთია, მაგრამ ამასაც ვაკეთებდი რაღაც პერიოდი. ვერ გეტყვით, რომ ამ საქმეში საოცარი ანაზღაურებაა, თან, არ არის ადვილი საქმე. წელიწადში რამდენიმე შემოთავაზება ამ მხრივ ზოგჯერ მაბედნიერებს ხოლმე. ჩემი ძირითადი სამსახური „არ დაიდარდოა“, ვმართავ ასევე ერთ-ერთი საიტის სოცქსელს, მაქვს სხვა პროექტებიც, რადგან ჩემი მეორე პროფესია მენეჯმენტია.
ახლა მომიყევი პირადი ამბები…
ჩემს პირად ცხოვრებაში ბოლო ორი წელია, არაფერი ხდება. ყველას უკვირს. ვცდილობ, ფლირტსაც თავი ავარიდო. ძალიან გადატვირთული რეჟიმი მაქვს. საბურთალოზე ვცხოვრობ და „ფორტუნამდე“ ან უკან წამოსულს თუ ვინმე მნახავს, გზად და ერთი ნახვით შემიყვარებს, მეც დავიჯერებ, რომ ერთი ნახვით შეყვარება არსებობს. ყოველთვის გრძნობ, ადამიანია შენია თუ არა, თუ ამას ვერ ვგრძნობ, მირჩევნია, მარტო ვიყო. ასე რომ, ველოდები ჩემს იდეალს.
თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს?
არც პრინცი მინდა და არც თეთრი რაში. მინდა გვერდით ჩამოყალიბებული და შემდგარი ადამიანი და არა პატარა ბიჭები, რომლებიც აქტიურად ჩნდებიან ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში. ცოტა უფროსებთან უფრო კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე პატარა ბავშვებთან.
თაყვანისმცემლები?..
ნუ, არიან, არ ვუჩივი ნაკლებობას, მაგრამ არც ვითვლი.
რას გწერენ?
„შენ ხარ ძალიან ლამაზი“, ასე მწერენ ხოლმე. არ უნდა შეხვიდე ჩემი სოციალური ქსელის „სხვა მესიჯებში“, იქ შეგხვდებათ ყველანაირი პოემა და ლექსი, რომელსაც მიძღვნიან. ახლაც შემიძლია შევიდე და ამოვიკითხო ჩემი ე.წ. თაყვანისმცემლების მოწერილები: „გამარჯობა, ძალიან სასიამოვნო წამყვანი ხართ…“, „კატო, შენი გაცნობა მინდა, მომწონხარ, იმედია, შენი გული არ არის დაკავებული“, „გამარჯობა, ძალიან იდუმალი ჩანხარ…“, მომდის ე.წ. „სმაილები“ ძალიან ხშირად. ახლა ლექსიც წავიკითხოთ:
„ქალი ხარ, ვარდსაც რომ შეშურდება,
ქალი ხარ დილის ნამის სადარი,
ქალი ხარ ნუშის გამოღვიძება,
ქალი ხარ მზის და მთვარის სადარი.
მინდა, რომ ჰგავდე მუდამ გაზაფხულს
და შენმა გულმა გაიაპრილოს,
მინდა, რომ ჰგავდეს ზღვის ძლიერ ტალღებს,
ვერავინ გაბედოს, გული გატკინოს…“
ანუ შენი რჩეული ლექსებსაც უნდა გიძღვნიდეს?
ბავშვობიდან ვამბობდი, რომ ისეთი ბიჭი მინდა, კლავიშზე ან გიტარაზე უკრავდეს. ვფიქრობ, ძალიან რომანტიკულია, როცა მამაკაცი რაიმე ინსტრუმენტზე უკრავს (იღიმის).
ნინო მურღულია