არაპროფესიონალიზმი – ერთის მხრივ და მეორეც, არაკომპეტენტურობა. საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გიბრალტარი 3:2 ბოლოსკენ დაამარცხა და კაი გვარიან თავის მოჭრას და კრიტიკის ქარცეცხლს გადაურჩა. თუმცა კრიტიკა ალბათ ისედაც არ მოაკლდება გუნდს, რომელიც ასე საორჭოფოდ იხდის საქმეს ნახევრად პროფესიონალებთან ბურთაობისას.
თუ საქართველოს ნაკრები საქმეს ზერელედ მიუდგა, აქაოდა გიბრალტარიაო, მით უმეტეს, რომ თავიდან მარტივად ვიგებდით – მაშინ არაპროფესიონალიზმი გამოდის;
თუ საქმე არ მიაფუჩეჩეს და გიბრალტარს უფრო ქონდა საქმე მოსაგებად, მაშინ ჩვენების არაკომპეტენტურობა გამოდის.
რომელი ჯობია? რომელიც უნდა ვაისმა და მაგის გუნდმა აირჩიოს, აბა გულშემატკივარს მაინც არავინ ეკითხება.
გიბრლატარის ნაკრებს ამ შესარჩევში გოლიც არ ქონია გატანილი. გაგვიტანა ჩვენ. ქულაც კი არასოდეს აუღია ოფიციალურ შესარჩევებში და ცოტა დაკლდა ჩვენთან აეღო.
მეორე ტაიმში, როდესაც მასპინძლებმა ორი გოლი შეაგდეს, კიდევ ქონდათ მომენტები და ლამის ისე მოატრიალეს თამაში, „ლივერპული“ გეგონებოდა.
თამაში ჩვენების უპირატესობით დაიწყო. როგორც იქნა შემადგენლობაში დაყენებულმა ხარაიშვილმა ლევან შენგელიას კარგი პასი მკერდით ჩამოიღო და ბურთი კარში შეაგორა. მერე კაპიტანმა კანკავამ შორიდან ისეთი გაისროლა, მასპინძელთა კარის დარაჯი პირღია დატოვა – 20 წუთში 2:0 და საქმეც მოთავებული ჩანდა.
მერე იყო მეორე ტაიმი.
მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა შედეგიანი დარტყმით კასიარომ დაასრულა. ანგარიში 74-ე წუთზე გათანაბრდა, კუთხურის შემდეგ, გიბრალტარელთა კაპიტანმა, როი ჩიპოლინამ გაიტანა. გიორგი ლორიამ კი სხვა ეპიზოდებში გვიხსნა, თორემ…
ამას ჩვენების გააქტიურება მოყვა და კიდევ კარგი, რომ შეცვლაზე შესულმა ქვილითაიმ საჯარიმოში ივარგა – 84-ე წუთზე 3:2 გახდა.
ვლადიმირ ვაისი:
“რა თქმა უნდა, მოპოვებული გამარჯვება და სამი ქულა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ და საწყის 30 წუთში ორი გოლი გავიტანეთ.
პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია უნდა შეგვენარჩუნებინა, შეტევაში უფრო აქტიურად გვეთამაშა და მესამე გოლი გაგვეტანა. ამის შემდეგ ჩვენ შევძლებდით, რომ თამაში სრულად გაგვეკონტროლებინა.
სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო ხარაიშვილმა, ამ მომენტმა გუნდზე, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა, ნახევარდაცვაში და დაცვაში გარკვეული პერიოდი კონტროლი დავკარგეთ. ორი შეცდომის შედეგად ორი გოლი მივიღეთ.
გაგვიმართლა, რომ ბოლოს გოლი გავიტანეთ და მოვიგეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ ყოფილა ადვილი და მეორე ტაიმის გარკვეულ მომენტებში კონცენტრაციის პრობლემა იყო.”
გიბრალტარი 2:3 საქართველო
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი (90+3′ კვერკველია), კანკავა, ანანიძე, შენგელია, ყაზაიშვილი, ხარაიშვილი (60′ კიტეიშვილი), ლობჯანიძე (68′ ქვილითაია)
სათადარიგო შემადგენლობა: მაკარიძე, კუპატაძე, დაუშვილი, აბურჯანია, ტაბიძე
გაფრთხილება: 45+1′ ბადრი, 49′ ხოჭოლავა, 56′ სერჟანტი
გოლები: 0:1 ხარაიშვილი (10), 0:2 კანკავა (21), 1:2 კასიარო (66), 2:2 რ. ჩიპოლინა (74), 2:3 ქვილითაია (84)
ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო, მერვე შეხვედრაში საქართველოს ნაკრები შვეიცარიას სტუმრად ეთამაშება. მატჩი 15 ნოემბერს ქალაქ სენტ გალენში გაიმართება.