LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არც ვიცოდი, რომ იჩივლა: ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი განაჩენს ელოდება

30

ოლიმპიური კომიტეტის არჩეული პრეზიდენტის ლერი ხაბელოვისთვის უცნობი იყო, რომ მის კონკურენტს არჩევნების შედეგები სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული. ის არ იყო ინფორმირებული, რომ ირაკლი მეძმარიაშვილს სასამართლოში საჩივარი ჰქონდა შეტანილი და შესაბამისად უცნობია, თუ რა საფუძვლებს დაეყრდნო სასამართლო არჩევნების შედეგების გაბათილების გადაწყვეტილების გამოტანისას. ოლიმპიური კომიტეტის არჩეული პრეზიდენტი სასამართლოს განაჩენის ჩაბარებას ელოდება.

”არც ვიცოდი რომ იჩივლა. ახლა მედიით გავიგე ამის შესახებ. არჩევნები რომ დამთავრდა ირაკლი მეძმარიაშვილს არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს, პირიქით, გამარჯვება აღიარა, მომილოცა და განაცხადა, რომ არჩევნები გამჭირვალედ ჩატარდა. არ ვიცი რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ, ალბათ განაჩენი ჩაგვბარდება, გავეცნობით და ამის მიხედვით ვიხელმძღვანელებთ, როგორ მოვიქცეთ”, – განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2016 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგები ბათილად ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „ლელო“ ავრცელებს.

საქმის განხილვა პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის საფუძველზე მიმდინარეობდა.

23 დეკემბერს არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გაიმარჯვა. ის პრეზიდენტად 78 ხმით 57-ის წინააღმდეგ აირჩიეს. სეოკ-ის პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც 136 დელეგატიდან 135-მა მიიღო მონაწილეობა, სულ ორი კანდიდატი მონაწილეობდა – ლერი ხაბელოვი და ირაკლი მეძმარიაშვილი.

სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ოლიმპიური კომიტეტი დაუბრუნდა იმ მდგომარეობას, რომელშიც არჩევნებამდე იმყოფებოდა და 2016 წლის 23 დეკემბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილად ითვლება.
განჩინება ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს გადაეგზავნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები