ეთერ კაკულია

ეთერ კაკულია – დაიბადა 1942 წლის 29 ნოემბერს , გარდაიცვალა 2015 წლის 26 ივნისს 72 წლის ასაკში .
მღეროდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრში იოსებ ტუღუშის ხელმძღვანელობით. 1964 წლიდან საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ამავე წლიდან მღეროდა სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროში“ კონსტანტინე პევზნერის ხელმძღვანელობით. 1986 წლიდან იყო ტელერადიოკორპორაციის სოლისტი.

ჰქონდა ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი 200-მდე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე.ხშირად მღეროდა ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად. ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე. ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი შვილი ალეკო. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

2014 წლის 29 ნოემბერს ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.

2015 წლის 26 ივნისს, ეთერ კაკულია მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.სიმსივნის დიაგნოზი მომღერალს 2014 წელს დაუსვეს.

ეთერ კაკულია სამკურნალოდ ისრაელში იმყოფებოდა, უიმედო მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმებმა მისი მკურნალობა შეწყვიტეს და სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩაიყვანა, 26 ივნისს კი მომღერალი გარდაიცვალა.

რეპერტუარი, ქართველი კომპოზიტორების სიმღერები, მათ შორის: ვ. აზარაშვილი – “მზე ჩემი მეგობარია”, “მზეო ამოდი”, “ოღონდ მინატრე”, “ძველი უბნის ჰანგი”, ა. ბუკია – “ჭაღარა”, ი. ბობოხიძე – “ცირა”, “ქართლის მიწა”, “ჭიამაია”, ნ. გაბუნია – “მე შენთან მოვალ”, “ჩემო სამშობლო მხარევ”, “წვიმიანი დღე”, “იავნანა”, “საქართველოს ცა”, ი. გურგულია – “უშენოდ”, ნ. დუღაშვილი – “შენი თვალები”, “გამიფრთხილდი, გამიფრთხილდი”, ჯ. ჯანდიერი – “ისიც მეყოფა, რომ ქართველი ვარ”, “და ეს ღამე მოგონებად დარჩება”, ე. ჭელიძე – “თბილისის ქუჩები”, რ. სებისკვერაძე – “მადლობელი ვარ”, “მხარე ლამაზი”, ჯ. სეფიაშვილი – “აპრილი”, “სიყვარულის გახსენება”, ო. ტატიშვილი – “დრო”; გასტროლებით იმოგზაურა: გერმანია, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, ქუვეითი, ინგლისი.

რეკლამა: 0:05